ახალი ამბები

რუსეთში ჯარში წასაყვან უწყებას ელექტრონულადაც გასცემენ – კანონპროექტი

11 აპრილი, 2023 • 1518
რუსეთში ჯარში წასაყვან უწყებას ელექტრონულადაც გასცემენ – კანონპროექტი

რუსეთის სახელმწიფო დუმა დღეს განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებითაც მოქალაქეები სამხედრო კომისარიატების უწყებებს ელექტრონულადაც მიიღებენ.

„[ყველა უწყებას] ექნება აბსოლოტურად თანაბარი იურიდიული ძალა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მიიღეთ ეს უწყება“, – ახსნა ანდრეი კარტაპალოვმა, დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, შენარჩუნდება უწყების ტრადიციულად, ხელში ან დამსაქმებლის მეშვეობით გადაცემა, მაგრამ ისინი აგრეთვე გაიგზავნება სახელმწიფო სერვისების ელექტრონულ პორტალზე „გოსუსლუგი“.

ცვლილებები აგრეთვე ითვალისწინებს „უზრუნველსაყოფ ზომებს“ მათთვის, ვინც არ გამოცხადდება კომისარიატში. აგრეთვე, ის პირიც კი, ვისაც უწყება არ მიუღია, ვალდებული იქნება, შემდეგი გაწვევის დროს თავად მივიდეს კომისარიატში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეს სხვადასხვა შეზღუდვა დაუწესდება, მათ შორის, ქვეყნის დატოვებაზე.

მარტში რუსეთის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ კომისარიატებს უწყებების ელექტრონულად გაგზავნა დაავალეს. იმავე დღეს მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ სახელმწიფო სერვისების ელექტრონულ პორტალზე „გოსუსლუგი“ ანგარიშის წაშლა აღარ შეიძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი