ახალი ამბები

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

19 აპრილი, 2023 • 1364
ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა შეუფარდა დამამძიმებელ გარემოებაში, მეუღლის განზრახ მკვლელობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ბრალდებულს.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ აღნიშნულ განაჩენს, სასჯელის დამძიმების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2022 წლის 9 ოქტომბერს თელავში ბრალდებულს ყოფილ მეუღლესთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, რა დროსაც მან, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს საცხოვრებელი სახლის სააბაზანო ოთახში დანის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობამდე სამი დღით ადრე ბრალდებულის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ამ უკანასკნელს აეკრძალა ყოფილი მეუღლის სახლთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ განზრახ მკვლელობის ჩადენამდე, ბრალდებული სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს, ასევე, ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილ მეუღლეს, მეუღლის დედას და ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს და 5 ოქტომბერს პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახში ძალადობა); 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა ორი პირის მიმართ) და 11-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა) და აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობის შეფარდება.

„თუმცა 6 ოქტომბერს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მისი მიმალვის საფრთხე, უკანონოდ ცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა დაკავებიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 2 000 ლარი შეუფარდა. პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა სასამართლოს პოზიციას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა. ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა ყოფილ მეუღლეს, რამაც ეს უმძიმესი შედეგი გამოიწვია“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი