ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი მიღწევაა, არავის მივცემთ საშუალებას, ეს დაჩრდილოს — კობახიძე

19 აპრილი, 2023 • 651
სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი მიღწევაა, არავის მივცემთ საშუალებას, ეს დაჩრდილოს — კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სასამართლოს საკითხებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის უკვე მეორედაც ხელის შეშლა სოლიდარობის კიდევ ერთი აქტია.

მისი თქმით, არავის მისცემენ საშუალებას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით “ქართული ოცნების” მიღწევა დაჩრდილონ.

“კიდევ ერთხელ გამოვხატეთ სასამართლოს მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ. ეს იყო სოლიდარობის კიდევ ერთი აქტი და კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ “ნაცმოძრაობამ” არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე. ეს არის ჩვენთვის პრინციპის საკითხი. “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს, ჩვენ ვერ შევაქმნევინებთ საგამოძიებო კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით.

სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს მიღწევა დაჩრდილოს რაიმე ფორმით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


დღეს, 19 აპრილს,  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვორუმის არარსებობის გამო სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა ისევ ვერ შედგა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი ოპოზიციაა, შესაბამისად, პლენარულ სხდომაზე მობილიზებული იყვნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, რათა კომისიის შექმნისთვის საჭირო 50 ხმა ჰქონოდათ.

თუმცა, ვინაიდან უმრავლესობის წევრები საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ეთანხმებიან, იმისვის, რომ კომისიის შექმნისთვის ხელი შეეშალათ, კენჭისყრამდე რეგისტრაცია, 18 აპრილის მსგავსად, ისევ არ გაიარეს და კენჭისყრის გასამართად საჭირო ქვორუმი – 76 დეპუტატი ვერ მოგროვდა. შესაბამისად, კენჭისყრაც აღარ შედგა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი