ახალი ამბები

სახელმწიფომ არ უნდა დაიწყოს უთავმოყვარეო ცეკვა ეკლესიასთან – დეკანოზი თამაზ ლომიძე ნინოწმინდაზე

7 ივნისი, 2021 • 1395
სახელმწიფომ  არ უნდა დაიწყოს უთავმოყვარეო ცეკვა ეკლესიასთან – დეკანოზი თამაზ ლომიძე ნინოწმინდაზე

დეკანოზი თამაზ ლომიძე ნინოწმინდის პანსიონის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ საკითხი, რომელიც ბავშვებს ეხება, ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს. ამასთან, მისი თქმით, ყველა ადამიანი უნდა იყოს კანონმორჩილი და ამ მხრივ პრივილეგიას არც სასულიერო პირობა უნდა წარმოადგენდეს. ამის შესახებ დეკანოზმა, რომელიც გერმანიაში, მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს, ქადაგებისას ისაუბრა.

მისი თქმით, პანსიონთან დაკავშირებული ჩანაწერები საგანგაშოა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს საკითხის გამოსაძიებლად.

“ლაპარაკია ხოლმე ხანდახან ასე, რომ “რა მოხდა, ერთი შემთხვევა იყო”… ერთიც რომ იყოს, თუნდაც უპატრონო ბავშვი რომ იჩაგრებოდეს ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად, მთელ ქვეყანაზე უნდა იყოს განგაში. ვიღაც ბავშვები გამოდიან და ამბობენ, “მე კარგად ვიყავი”, კი, შეიძლება, შენ კარგად იყავი და კიდევ სხვებიც, მაგრამ ერთი თუ იყო დაჩაგრული ან ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ, საგანგაშო ამბავია.

პროკურატურა ამბობს, რომ საქმეებია აღძრული, ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარი ამბობს, რომ ეს არ არის დამტკიცებული… ეს იმან უნდა გაარკვიოს, ვისაც ევალება, პატიოსნად, წესიერად, თუ ვენდობით ჩვენს პროკურატურას, გამოძიებული უნდა იქნას თავიდან ბოლომდე და გაირკვეს, რა და როგორ იყო”, – ამბობს დეკანოზი.

მისი განცხადებით, სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს პანსიონში შესვლის უფლება და ამაში ხელი არავინ უნდა შეუშალოს:

“პრობლემა არის ჩაკეტილობა, ასეთი საკითხი, რომელიც ბავშვებს ეხება, უნდა იყოს ღია. ყველა მაკონტროლებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს მისასვლელი და არავინ შეუშალოს ხელი. სუბიექტური შეხედულება, რომ “მე შენ არ მომწონხარ და ამიტომ არ მოგცემ ჩემთან შემოსვლის საშუალებას”, როცა ის ბავშვები არ არის შენი, ეს არ შეიძლება”, – განმარტა დეკანოზმა.

ამასთან, მისი განცხადებით, “პრობლემის გული” ეკლესიის დამოკიდებულებაშია სახელმწიფოს მიმართ. დეკანოზ თამაზის განმარტებით, დამოკიდებულება, რომ “სახელმწიფოს რაღაც-რაღაცებში არ დავემორჩილები”, არ არის ქრისტიანული და ამის შესახებ ბიბლიაშიც არის საუბარი.

“მე სულ მაოგნებს ხოლმე, როდესაც თუნდაც რომელიმე სასულიერო პირი ან ქრისტიანი რელიგიური მოტივებით ხულიგნობს სახელმწიფოში. “არ დაგემორჩილები იმიტომ, რომ მე მორწმუნე ვარ და ასე მინდა” – ეს არ არის ქრისტიანული, ეს თვით სახარებასაც ეწინააღმდეგება… ეკლესია, მღვდელი, სასულიერო პირები კანონმორჩილები უნდა ვიყოთ და მეორე მხრიდანაც სახელმწიფომ ეს უთავმოყვარეო ცეკვა არ უნდა დაიწყოს ეკლესიასთან, რომ “ეკლესია მაწყობს ახლა არჩევნებში და რაღაც დანაშაულს ვაპატიებ”, ორივე მხრიდან ღირსეული პოზიცია უნდა იყოს და მაშინ ყველაფერი დალაგებული იქნება სახელმწიფოში.

შემირცხვენია პოლიციელი, რომელიც კანონს დაარღვევს იმიტომ, რომ ეპისკოპოსმა უთხრა ასე, სამარცხვინოა პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოხელე, რომელიც იმის გამო დაარღვევს კანონს და დააზარალებს სხვა მოქალაქეს, რომ მორწმუნემ ასე უთხრა”, – განაცხადა დეკანოზმა.

მისი თქმით, ნინოწმინდის გარშემო განვითარებული “სკანდალის” თავიდან აცილება შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეკლესია სახალხო დამცველს დროულად შეუშვებდა პანსიონში. ამასთან, დეკანოზის განცხადებით, საოცნებოა ის პერიოდი, როდესაც ეკლესიის საქმიანობები იქნება ღია და ყველას ეცოდინება შიგნით მიმდინარე პროცესების შესახებ.

რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი, ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [3 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. ასევე ტელეკომპანია „ობიექტივი“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილება

ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას.

მხოლოდ შშმ ბავშვებზე მითითება – „ტექნიკური საკითხი“

მოსამართლე წერს, რომ PHR-ის შუამდგომლობა „ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს“ და ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს დაევალოს, სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში „ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე“ გადაიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. შუამდგომლობა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ანა არგანიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ვინაიდან PHR არის „სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ, მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის“. შესაბამისად, პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ.

ანა აბაშიძემაც განმარტა, რომ კანონმდებლობის, კერძოდ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის საფუძველზე, სარჩელის აღძვრის უფლება PHR-ს მხოლოდ შშმ ბავშვებთან დაკავშრებით ჰქონდა და ტექნიკურად ვერ იქნებოდა უფლებამოსილი მოსარჩელე სხვა ბავშვებთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლეს განჩინებაში არ დაუზუსტებია, რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან მიმართებაში ხედავს დატოვების რისკს.

„თუ სახელმწიფო გაბედავს და ამ ტექნიკურ ნაწილს გამოიყენებს იმგვარად, რომ ზოგიერთ ბავშვს გაიყვანს საფრთხის შემცველი გარემოდან და ზოგიერთს დატოვებს მარტო იმის გამო, რომ შშმ პირის სტატუსი არ გააჩნია, ეს იქნება ბავშვების დატოვება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში, რაც ახალი სარჩელის საფუძველი იქნება“, – განაცხადა აბაშიძემ.

სად უნდა გაიყვანონ ბავშვები?

ორგანიზაციის კიდევ ერთი იურისტის განმარტებით, ბავშვები „უნდა განთავსდნენ ისეთ ფორმაში, რომელიც მათ საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება“:

„ასეთი ალტერნატიული ფორმები არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და რეინტეგრაცია, ანუ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება“.

ადვოკატის თანახმად, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა იყოს, „სადაც შესაძლებელია, პირველ რიგში, განიხილოს ამ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს სხვა ფორმებში ბავშვების გადაყვანა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი