ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი აცხადებს, რომ პანსიონში ცხოვრებასთან დაკავშირებით პოლიციისთვის ჩვენების მიცემის შემდეგ, საპატრიარქოს უნივერსიტეტის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
“მე გამომიცხადეს, რომ ლუკა, შენ ბარგს აიღებ, ჩაალაგებ, დღეს ღამეს სხვაგან გაათევ და ხვალ წადი”, — აცხადებს პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი.
როგორც ის აღნიშნავს, აღმზრდელები ბავშვებს ხის ჯოხსაც ურტყამდნენ.
“უშუალოდ შემსწრე ვიყავი, როგორ არტყმევინა კარადაზე თავი ბავშვს. შემდეგ ეს მიიჩქმალა, რადგან არც ზედამხედველს გაუგია მაშინ”, — განაცხადა მან.
დღეს, 9 ივნისს, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ჩვენების მიცემის გამო ნინოწმინდის ყოფილ აღსაზრდელს, რომელიც ამჟამად საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ არსებულ უნივერსიტეტში ირიცხება და ამავე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, დაწესებულების ტერიტორიაზე აღარ უშვებენ.