ახალი ამბები

POSTV-დან გათავისუფლებული ჟურნალისტი შალვა რამიშვილს ქარტიაში უჩივის

18 აპრილი, 2023 • 1197
POSTV-დან გათავისუფლებული ჟურნალისტი შალვა რამიშვილს ქარტიაში უჩივის

POSTV-დან გათავისუფლებული ჟურნალისტი სოფიკო კაჭარავა ტელეკომპანიის დირექტორს, შალვა რამიშვილს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის. გათავისუფლებული ჟურნალისტის განცხადება ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო და ღია სხდომაზე განიხილავს.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ჟურნალისტის თქმით, იგი სამსახურიდან განსხვავებული, კრიტიკული აზრის გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, შალვა რამიშვილისთვის მიუღებელი იყო განსხვავებული პოზიციის ქონა არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის, არამედ მის მიღმაც.

ქარტიაში აღნიშნავენ, რომ განმცხადებელი დავობს ქარტიის მეორე პრინციპის (დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ) დარღვევაზე. ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

POSTV-ს დატოვების შესახებ განცხადება პირად ფეისბუკ გვერდზე სოფიკო კაჭარავამ 17 მარტს განათავსა. ჟურნალისტი აცხადებდა, რომ მისი და ტელეკომპანიის თანამშრომლობა 7-9 მარტის აქციების შემდეგ დასრულდა. ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ 17 მარტს არხიდან დისკრიმინაციული საფუძვლით, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო გამოუშვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი