ახალი ამბები

„შევქმნათ საგამოძიებო კომისია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე“ — ლილუაშვილი დეპუტატებს

18 აპრილი, 2023 • 701
„შევქმნათ საგამოძიებო კომისია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე“ — ლილუაშვილი დეპუტატებს

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

დეპუტატის თქმით, თუ BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტები დადასტურდება, ქვეყანას მძიმე პოლიტიკური ქარიშხალი დაატყდება თავს და გაჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ან არ გამოძია და აღკვეთა მსგავსი თაღლითური სქემების მუშაობა ქვეყნის ტერიტორიაზე საქართვეოს საგამოძიებო უწყებებმა:

„მძიმე პოლიტიკურ შედეგებამდე შესაძლოა მიგვიყვანოს ხელისუფლების უმოქმედობამ, რომელიც უკავშირდება ტრანსნაციონალურ დანაშაულს, რომელიც შესაძლოა ხორციელდებოდა საქართველოში ძებნილი პირის მიერ, წარმოუდგენელი მასშტაბის თაღლითური სქემის ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნით, შესაძლო ხელმძღვანელობით და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მოქალაქეების ასობით მილიონი დოლარის შესაძლო მოპარვით. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე სახელმწიფოს საგამოძიებო უწყება მუშაობს ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ სქემის არსებობა თუ დადასტურდა, ამას ქვეყნისთვის არ ექნება მძიმე პოლიტიკური შედეგები, წარმოუდგენლად ცდება“, — აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიზანი უნდა იყოს, დადგინდეს, ვინ არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბის დანაშულის არ/ვერ აღკვეთაზე და ასევე ხელი შეუწყოს გამოძიებას სქემაში მონაწილე და მათი მფარველი პირების გამოსავლენად:

„ვფიქრობ, ლეგიტიმურად ისმის კითხვები, თუ რატომ მოხდა ისე, რომ საქართველოში უკვე მესამე წელია ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და ბიბისის ჟურნალისტებმა მეტი შესაძლო შედეგი აჩვენეს, ვიდრე საქართველოს პროკურატურამ. რამდენად შესაძლებელია, რომ ქვეყანაში ძებნილი პირის მიერ ასობით დასაქმებული პირის ჩართულობით ხორციელდებოდეს ამ მასშტაბის დანაშაული ქვეყნის ტერიტორიაზე და ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდეს არცერთი სახელმწიფო უწყება.

ფაქტია, რომ საერთაშორისო საგამოძიებო მოქმედებები დღეს თუ ხვალ კონკრეტულ შედეგებზე გავა და იმ პოლიტიკურ ქარიშხალს, რომელიც ამ სქემის დადასტურების შემთხვევაში ქვეყანას ელოდება, აქ სჭირდება რაიმე მინიმალური დამზღვევი წინაპირობები მაინც, მინიმუმ სიმართლის გამოვლენა ამ საქმის მიმართ შიდა ინტერესებთან დაკავშირებით და იმის დასადგენად, ვინ არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბის დანაშაულის ვერ ან არ აღკვეთაზე.

ამიტომ, გთავაზობთ, რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს მიმდინარე საგამოძიებო პროცესში სისტემური ჩავარდნების გარკვეულ გადამზღვევ მექანიზმს და მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ შესაძლო თაღლითური ქოლცენტრების საქმის გამოძიების ხელშეწყობაზე, რის შედეგადაც გამოვლინდება ამ დანაშაულში მონაწილე და მათი მფარველი პირები“, — ამბობს დეპუტატი.

ლილუაშვილი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას.

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის გვარი BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტში გახმიანდა, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

რას ამბობს გამოძიება კეზერაშვილზე

ჟურნალისტების თანახმად, მათ იდენტიფიცირებული აქვთ თაღლითური ქსელის 152 ბრენდი. პოლიციისთვის ეს ქსელის „მილტონ გრუპის“ სახელითაა ცნობილი, რომელიც თავდაპირველად 2020 წლამდე გამოიყენებოდა.

BBC-ის ჟურნალისტების გამოძიების თანახმად, „მილტონ გრუპთან“ დაკავშირებულ კომპანიებში დირექტორებად ფიგურირებს ხუთი ადამიანი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ეს სახელები და გვარები „პანამის დოკუმენტებში“ მოძებნეს და აღმოაჩინეს, რომ ოთხი მათგანი იყო ან დირექტორი, ან უფროსი ფიგურა კომპანიებში, რომლებიც „მილტონ გრუპამდე“ არსებობდა.

გამოძიების მიხედვით, საბოლოო ჯამში, ამ ინფორმაციამ ისინი დავით კეზერაშვილის სახელთან და გვართან მიიყვანა.

გამოძიების მიხედვით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც ქსელთან კეზერაშვილის კავშირს ადასტურებს, არ არის. აგრეთვე, არ არის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონ გრუპის“ ბრენდებში, თუმცა, როგორც ჟურნალისტებმა მოიკვლიეს, „პანამის დოკუმენტების“ თანახმად, „მილტონ გრუპამდე“ არსებულ ქსელში დამფუძნებლად ან აქციონერად ფიგურირებდა დავით კეზერაშვილი.

ასევე „მილტონ გრუპთან“ დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ მათ პირდაპირი კავშირი ჰქონდათ კეზერაშვილთან და იციან, რომ იგი ჩართულია ქსელის საქმიანობაში.

„ბი-ბი-სი“-ს ცნობითვე, კეზერაშვილი ხშირად აპიარებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს თავის სოციალურ ქსელებში, ხოლო მისი რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერებს, რომლებიც ასევე გამოიყენებოდა „მილტონ გრუპის“ კომპანიების მერე.

კეზერაშვილის პასუხი

თავად კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირი არასდროს ჰქონია.

კეზერაშვილის თქმით, აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივ ბერკეტი BBC-ის საგამოძიებო მასალაში „ფაქტების უზუსტობის“ გამო.

“აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ჩემი მონაწილეობით შექმნილ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში”, — აცხადებს ის.

დავით კეზერაშვილის სიტყვებით, ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას და დღესაც მზადაა ე.წ. ქოლ-ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი