ახალი ამბები

მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ თაღლითური სქემის გამოძიებაში – ღარიბაშვილი კეზერაშვილზე

18 აპრილი, 2023 • 979
მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ თაღლითური სქემის გამოძიებაში – ღარიბაშვილი კეზერაშვილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალური თაღლითური სქემის გამოძიებაში, რომელიც დავით კეზერაშვილს ეხება.

საუბარია BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

დღეს, 18 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა ოპოზიცია დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი „მოპარული, ნაძარცვი ფულით ფინანსდებიან“.

„ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან, ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ ბოლო ალბათ 2 წლის განმავლობაში. ეს იყო დიდი სამუშაო, რომელიც ერთობლივად იყო გაწეული და ჩვენ ჩვენი მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ საერთაშორისო გამოძიების, საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში“, – თქვა მან.

მისივე თქმით, მომხდარი კატასტროფულია, ამიერიდან, როდესაც „ჩვენი ე.წ. რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენს ევროპელ. მეგობრებსა და პარტნიორებს – მინდა ჩვენს ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს.“

„გახსოვთ, შარშან აბრალებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული ამაში და ახლა BBC-მ, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, საბოლოოდ გამოავლინა და საზოგადოებას აცნობა“, – ამბობს ღარიბაშვილი და დასძენს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოუხადონ როგორც ქართულ, ასევე ევროპულ საზოგადოებას.


რას ამბობს გამოძიება კეზერაშვილზე

ჟურნალისტების თანახმად, მათ იდენტიფიცირებული აქვთ თაღლითური ქსელის 152 ბრენდი. პოლიციისთვის ეს ქსელის „მილტონ გრუპის“ სახელითაა ცნობილი, რომელიც თავდაპირველად 2020 წლამდე გამოიყენებოდა.

BBC-ის ჟურნალისტების გამოძიების თანახმად, „მილტონ გრუპთან“ დაკავშირებულ კომპანიებში დირექტორებად ფიგურირებს ხუთი ადამიანი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ეს სახელები და გვარები „პანამის დოკუმენტებში“ მოძებნეს და აღმოაჩინეს, რომ ოთხი მათგანი იყო ან დირექტორი, ან უფროსი ფიგურა კომპანიებში, რომლებიც „მილტონ გრუპამდე“ არსებობდა.

გამოძიების მიხედვით, საბოლოო ჯამში, ამ ინფორმაციამ ისინი დავით კეზერაშვილის სახელთან და გვართან მიიყვანა.

გამოძიების მიხედვით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც ქსელთან კეზერაშვილის კავშირს ადასტურებს, არ არის. აგრეთვე, არ არის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონ გრუპის“ ბრენდებში, თუმცა, როგორც ჟურნალისტებმა მოიკვლიეს, „პანამის დოკუმენტების“ თანახმად, „მილტონ გრუპამდე“ არსებულ ქსელში დამფუძნებლად ან აქციონერად ფიგურირებდა დავით კეზერაშვილი.

ასევე „მილტონ გრუპთან“ დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ მათ პირდაპირი კავშირი ჰქონდათ კეზერაშვილთან და იციან, რომ იგი ჩართულია ქსელის საქმიანობაში.

„ბი-ბი-სი“-ს ცნობითვე, კეზერაშვილი ხშირად აპიარებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს თავის სოციალურ ქსელებში, ხოლო მისი რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერებს, რომლებიც ასევე გამოიყენებოდა „მილტონ გრუპის“ კომპანიების მერე.

კეზერაშვილის პასუხი

თავად კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირი არასდროს ჰქონია.

კეზერაშვილის თქმით, აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივ ბერკეტი BBC-ის საგამოძიებო მასალაში „ფაქტების უზუსტობის“ გამო.

“აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ჩემი მონაწილეობით შექმნილ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში”, — აცხადებს ის.

დავით კეზერაშვილის სიტყვებით, ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას და დღესაც მზადაა ე.წ. ქოლ-ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის.

18 აპრილს კეზერაშვილმა ახალი გაცხადება გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი