ახალი ამბები

ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას დღევანდელ სხდომაზე შეეცდება

18 აპრილი, 2023 • 610
ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას დღევანდელ სხდომაზე შეეცდება

საკმარისი ხმების მობილიზების შემთხვევაში, ოპოზიცია პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციირებას გეგმავს.

„ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციას საკმარისი ხმები აქვს, თუ დღევანდელ სხდომაზე მივა ყველა, ვინც გაფრთხილებულია.

„მხარს დავუჭერთ საგამოძიებო კომისიას მოსამართლეებთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია. საგამოძიებო კომისიას შეუძლია იმუშაოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ჯერ კიდევ დაფარულია საზოგადოებისთვის. კომისიამ უნდა შეძლოს სასამართლო სისტემაში არსებული მთელი რიგი დანაშაულების მხილება“, — განაცხადა ენმ-ის წევრმა ანი წითლიძემ.

10 აპრილის დილით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიმართეს პრეზიდენტს თხოვნით, ჩაენიშნა საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომა სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის.

იმავე დღეს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ითხოვეს, პრეზიდენტმა სხდომა აღარ დანიშნოს, რადგან ორი დეპუტატის (ლევან ხაბეიშვილის და ანი წითლიძის) საზღვარგარეთ წასვლის გამო ოპოზიციას კომისიის შესაქმნელად ხმები აღარ ჰყოფნიდა.

განახლება

პარლამენტის ბიუროს სხდომამ მხარი არ დაუჭირა საგამოძიებო კომისიის შექმნის დღესვე კენჭისყრას და საკითხი მიმდინარე კვირის დღის წესრიგში შეიტანა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული საკითი კენჭისყრაზე გავა, როცა რიგი მოუწევს.

რა არის დროებითი საგამოძიებო კომისია?

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით. კომისიის შექმნის საფუძველია:

  • ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
  • ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება. კომისიის შემადგენლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება იყოს ნახევარზე ნაკლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი