ახალი ამბები

წულუკიანის კომისია გახარიას დისტანციურად ჩართვაზე დათანხმდა

30 ივნისი, 2025 •
წულუკიანის კომისია გახარიას დისტანციურად ჩართვაზე დათანხმდა

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია დათანხმდა, რომ 2 ივლისს კომისიის სხდომაზე დისტანციურად ჩაერთოს.

ეს გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც გახარიამ 30 ივნისს დისტანციურად ჩართვა მეორედ ითხოვა.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით, გახარიასთვის იარსებებს დათქმა, რომლის მიხედვითაც, მას სხდომის დატოვების უფლება არ ექნება მანამ, სანამ კომისია არ ეტყვის, რომ კითხვები ამოწურულია.

„არ ვეუბნებით ჩართვაზე უარს, მაგრამ კომისიის მოთხოვნაა, რომ 2 ივლისს მან უზრუნველყოს ტექნოლოგიურად და ლოჯისტიკურად ჩართვისთვის ნორმალური პირობები მისი მხრიდან, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ პარლამენტის მხრიდან და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას, რაც გამორიცხავს ნებისმიერ სხვაგვარ ქმედებას. სანამ თავმჯდომარე არ იტყვის, რომ გიორგი გახარიას ახსნა-განმარტების ნაწილში სხდომა ამოწურულია, მას ექნება ჩვენთან ერთად ყოფნის ვალდებულება. მე არ მაქვს განცდა, რომ ეს მოკლე სხდომა იქნება, რადგან ძალიან ბევრი კითხვაა“, – განაცხადა წულუკიანმა.

გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე მეორედ დაიბარეს. ვინაიდან გიორგი გახარია ქვეყანაში არ იმყოფება,  დისტანციურად ჩართვა ითხოვა, თუმცა თავდაპირველად კომისიამ დისტანციურ გამოკითხვაზე უარი უთხრა.

რაც შეეხება გახარიას მეორედ დაბარებას, ამჯერად მასთან კითხვები ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით აქვთ. ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით გახარიას კითხვები კომისიამ 14 აპრილის სხდომაზეც დაუსვა. კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი გახარიას ედავებოდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია. ამასთან, კომისიის წევრები გახარიას ედავებიან, რომ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული არც პრემიერთან და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩორჩანის შესახებ პროკურატურაში მოკვლევა იმ გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ეხება:

  • საბოტაჟს;
  • დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას;
  • უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას;
  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი