ახალი ამბები

ფარმაცევტული ასოციაციის თქმით, თურქული მედიკამენტების ნაწილის მოწოდებაზე შეფერხებაა

15 აპრილი, 2023 • 2114
ფარმაცევტული ასოციაციის თქმით, თურქული მედიკამენტების ნაწილის მოწოდებაზე შეფერხებაა

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებაა.

ასოციაციის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ შეიქმნა გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, მოწოდების შეზღუდვა თურქი მომწოდებლების მხრიდან, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.

„მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ამ ფაქტს, ვინაიდან ეს გარემოება არ არის დამოკიდებული ადგილობრივ კომპანიებზე. სწორედ ამიტომ ინფორმაციას ვაჟღერებთ ჩვენ, პირველი წყარო, უშუალოდ ის მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესს. აქვე, კიდევ ერთხელ, მივმართავთ შესაბამის მარეგულირებელს, ინსტიტუტებს, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებული ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული მათი მხრიდან სექტორის უმიზეზო ბრალდებისთვის, როგორიცაა საბოტაჟი თუ ხელოვნური დეფიციტის შექმნა, რასაც სამწუხაროდ მრავალჯერ ჰქონდა ადგილი,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ „ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაში ჩართული პირების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტის მიწოდების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 15 თებერვლის №9/ნ ბრძანების თანახმად, კომპანიებს დაუწესდათ ვალდებულება ინფორმაციის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაზიარების თაობაზე, მაგრამ განცხადების ავტორების თქმით, სექტორისთვის არ იყო შემუშავებული და შეთავაზებული უნივერსალური პროგრამა:

„მიუხედავად ბიზნესის დაჟინებული მოთხოვნისა და მცდელობისა, რომ მოხდეს გონივრულ ვადებში და სწორი მეთოდით პროექტის გაშვება, მაკონტროლებლის მხრიდან არაა უზრუნველყოფილი სათანადოდ უნივერსალური ტექნიკური ბაზა ამ პროცესების გამართულად ასამუშავებლად. რეალურად არსებული პრობლემების იგნორირებით ხდება მეწარმეებისთვის გამაფრთხილებელი ოქმების გამოწერა, რაც უკვე საჯარიმო სანქციების წინაპირობაა. სამწუხაროდ, მარეგულირებელი უკვე იღებს დამსჯელობითი ორგანოს ფორმას, რაც საბოლოოდ მოსახლეობისთვის და ამ სფეროში დასაქმებული პირებისთვის პირდაპირი ზიანის მიღების პირობა გახდება,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, ასოციაციის წევრი კომპანიები მაქსიმალურად გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველანაირ მექანიზმს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უწყვეტად უზრუნველყოფა და კვალიფიციური მომსახურეობის გაწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი