ახალი ამბები

“სივრცეები ვიწროვდება” — დეგნანი მედიასა და გვარამიას პატიმრობაზე

13 აპრილი, 2023 • 4622
“სივრცეები ვიწროვდება” — დეგნანი მედიასა და გვარამიას პატიმრობაზე

“საქართველოს ჰქონდა ძალიან ძლიერი მედია. ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სივრცეები ვიწროვდება”, — განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, “ნეტგაზეთთან” ინტერვიუს დროს.

ელჩს ვკითხეთ, მისი აზრით, რამდენადაა შესაძლებელი ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება “სათანადო მედიაგარემოს” შესახებ მაშინ, როცა “მთავარი არხის” დამფუძნებელი კვლავაც პატიმრობაშია.

კელი დეგნანმა თქვა:

“ჩვენ თავშივე დავსვით შეკითხვები [ნიკა] გვარამიას საკითხზე, მათ შორის,  [დაკავების] დროზე, ბრალდებასა და შემდგომში, განაჩენზე. სახალხო დამცველის ოფისმაც გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული.

დამოუკიდებელი მართლმსაჯულება საჭიროა არა მხოლოდ ზოგადი მიზნებისათვის, არამედ იმისათვის, რომ  აღარ გაჩნდეს კითხვები პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით.

თუ გაგაჩნია დამოუკიდებელი სასამართლო, საზოგადოებასაც აქვს ნდობა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. მანამ, სანამ სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, მსგავსი ტიპის საქმეც იარსებებს”.

მისივე სიტყვებით, “კონკრეტულად ეს საქმე გამწვავებულია ფაქტით, რომ ბატონი გვარამია ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელია. ეს თავის მხრივ, კავშირშია ძლიერი დემოკრატიის ერთ-ერთ ძირითად ასპექტთან — მედიის თავისუფლებასთან”.

“საქართველოს ჰქონდა ძალიან ძლიერი მედია. ჩვენ ვხედავთ, რომ სივრცეები ვიწროვდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მათ შორის შემთხვევებით, როგორიცაა ბატონი გვარამიას დაპატიმრება და გასამართლება.

ეს უბრალოდ ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების მნიშვნელობას და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის სასიცოცხლო მნიშვნელობას, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ”, — ამბობს კელი დეგნანი.

ნეტგაზეთის ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან სრულად 13 აპრილის საღამოს გამოქვეყნდება.

ნიკა გვარამიას პატიმრობა

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

გვარამიას გათავისუფლებისთვის მოძრაობას სეფაშვილი, ჭოხონელიძე და სხვა მუსიკოსები შეუერთდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი