ახალი ამბები

გვარამიას გათავისუფლებისთვის მოძრაობას სეფაშვილი, ჭოხონელიძე და სხვა მუსიკოსები შეუერთდნენ

10 აპრილი, 2023 • 12430
გვარამიას გათავისუფლებისთვის მოძრაობას სეფაშვილი, ჭოხონელიძე და სხვა მუსიკოსები შეუერთდნენ

ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით მოძრაობას შეუერთდნენ მუსიკოსები: თამრიკო ჭოხონელიძე, ლელა წურწუმია, ლექსენი, მერაბ სეფაშვილი და პაატა ბურჭულაძე.

მოძრაობის ახალი წევრები მისმა დამფუძვენებლმა ბაჩანა შენგელიამ საზოგადოებას დღეს, 10 აპრილს, დედაენის ბაღში გამართულ პრესკონფერენციაზე წარუდგინა.

შენგელიას თქმით, მისთვის საამაყოა, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდა საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი ექიმი, პროფესორ-მასწავლებლელი, მხატვარი, მწერალი, მსახიობი თუ მომღერალი, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მათი პოზიცია ამ რთულ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია:

„უამრავი ადამიანი უერთდება ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას. დღემდე ამ მოძრაობას შეუერთდნენ ექიმები, პროფესორ-მასწავლებლები, მხატვრები, მწერლები, დღეს კი ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნას და ამ მოძრაობს უერთდებიან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, მომღერლები, მსახიობები, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა ვინაიდან მათი სიტყვა და პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ გზაზე“ ,— აცხადებს ბაჩანა შენგელია.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემაც. მისი თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება კიდევ ერთი მესიჯია ხელისუფლებისგან, რომ ქვეყანა ევროკავშირში არ უნდა შევიდეს, რასაც ჭოხონელიძის თქმით, საზოგადოება არ დაუშვებს. მომღერალმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც მიმართა და განაცხადა, რომ საზოგადოება იმსახურებს იმის ცოდნას, თუ რატომ არ იწყალებს ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას:

„ეს არის სამართლისთვის და სიმართლისთვის ბრძოლა. რამდენი ხანი შეიძლება ქვეყანა ვამყოფოთ ჩამოშლილი სასამართლო სისტემით. ნიკას პატიმრობა კიდევ ერთი მესიჯია ქართული გვარების მქონე ჩვენი მტრებისგან, რომ დიახ, ეს ქვეყანა არ უნდა შევიდეს ევროკავშირში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მედგრად ვდგავართ, რომ დავიცვათ ასე უსამართლოდ, აბსურდული ბრალდებით ციხეში გამომწყვდეული პატიმარი. ქალბატონ სალომეს ვეტყოდი, თუ არ ათავისუფლებს, ქართველი ხალხი იმის ღირსი მაინცაა, რომ უთხრას, რატომ არ ათავისუფლებს“, — აცხადებს ჭოხონელიძე.


„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად მოძრაობა მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა. პროცესს საფუძველი ჩაუყარა „ინტელექტ-კლუბის“ წევრთა ნაწილმა. ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაზე გადის.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები. ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი