ახალი ამბები

ჯაფარიძის და მოსიაშვილის დაკავების ადგილზე ვიდეოკამერები დაზიანებული იყო – საგამოძიებო

13 აპრილი, 2023 • 1324
ჯაფარიძის და მოსიაშვილის დაკავების ადგილზე ვიდეოკამერები დაზიანებული იყო – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 8 მარტის აქციის დროს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის დაკავების ადგილზე განთავსებული საჯარო დაწესებულების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობა დაზიანებული იყო.

ამის შესახებ განცხადება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 13 აპრილს გაავრცელა.

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებით გამოირკვა, რომ შემთხვევის ადგილზე განთავსებული საჯარო დაწესებულების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობა (DVR) ტექნიკურად იყო დაზიანებული და მასზე წვდომა ტექნიკური მიზეზების გამო იყო შეუძლებელი.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურიდან ამოღებული იქნა აღნიშნული ჩამწერი მოწყობილობა, რომელზეც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, მოწყობილობის დაზიანების მიზეზების დადგენის, მასში არსებული ჩანაწერების მოპოვების (მათ შორის, აღდგენის გზით) და გამოძიებისთვის საინტერესო სხვა გარემოებების დასადგენად“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მათივე განცხადებით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს (პირადი წარდგენით) და ნიკა მოსიაშვილს (სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე) სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაენიშნათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი