ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური 7-9 მარტის აქციებზე შსს-ს ბრალეულობაზე ამ დრომდე არ საუბრობს

13 აპრილი, 2023 •
საგამოძიებო სამსახური 7-9 მარტის აქციებზე შსს-ს ბრალეულობაზე ამ დრომდე არ საუბრობს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური რუსული კანონის საწინაღდმეგო 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე დღეს, 13 აპრილს, განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, განცხადება შეეხება 7-9 მარტის აქციებზე შსს-ს თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს. თუმცა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში არ არის ნათქვამი, ამ დროისთვის გამოიკვეთა თუ არა შსს-ს რომელიმე თანამშრომლის ბრალეულობა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 7-9 მარტის აქციების დროს დემონსტრაციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე სხვადასხვა უწყებიდან შევიდა, ჯამში, 123 შეტყობინება, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა.

მათივე ცნობით, გამოძიება ცალკე ეპიზოდად მიმდინარეობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

უწყების ცნობით, გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოძიების შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს მასმედიით გავრცელებული ვიდეოკადრების მონიტორინგის შედეგად სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან სხვადასხვა პირის მიმართ განხორციელებული ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებიც.

როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 91 მოქალაქე (მათ შორის, 19 ჟურნალისტი). ასევე, ამოიღეს როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, გაანალიზეს მედიის მიერ გავრცელებული კადრები. მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის მოპოვებული ჩანაწერების ჯამური ხანგრძლივობა შეადგენს 3 000-ზე მეტ საათს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შსს-დან გამოითხოვეს ინფორმაცია აქციის მონაწილეების დამკავებელი და ოპერაციაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ვინაობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამართალდამცველების გამოკითხვა. გარდა ამისა, სწავლობენ ინფორმაციას სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომელთა შესახებ, რომლებმაც პირველადი დახმარება გაუწიეს დაშავებულებს, ასევე, ინფორმაციას იძიებენ კერძო კლინიკებიდან იმ პირთა შესახებ, ვისაც რაიმე სახის სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

უწყების განცხადებით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება აქციაზე დაშავებული ზაზა ბიღიაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით, რათა იდენტიფიცირება მოხდეს და დადგინდეს კონკრეტული გარემოებები, რა ვითარებაშიც ზაზა ბიღიაშვილმა მიიღო დაზიანებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი