ახალი ამბები

„იმედი მაქვს, კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა“ — პაპუაშვილი

12 აპრილი, 2023 • 1079
„იმედი მაქვს, კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა“ — პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ იმედი აქვს, დავით კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა, რათა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასჯელი მოიხადოს.

პაპუაშვილის თქმით, BBC-ს საგამოძიებო სტატია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც მმართველი პარტია დიდი ხანია საუბრობს. პაპუაშვილი აცხადებს, რომ კეზერაშვილი, რომელიც თავს ევროპულ ქვეყნებს აფარებს, იქიდან გეგმავს საქართველოში არეულობას:

„კიდევ ერთხელ მტკიცდება, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ამ ადამიანს, კეზერაშვილს ვგულისხმობ, იფარებს ევროპა და ვხედავთ ჩვენ, იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, მედიებს, არასამთავრობო სექტორს.

ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოჰპარა ფული, შემდეგ ევროპელი პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა, დღეს რომ პირდაპირ ჩართულია ფინანსებით ქართულ პოლიტიკაში, მედიაში და არასამთავრობო სექტორში, ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენც. სამწუხაროა, რომ ხდება იგივე შეცდომის გამეორება, რა შეცდომაც იყო მიხეილ სააკაშვილთან დაშვებული, როდესაც ის შეფარებული იყო ევროპის ქვეყნებში და იქიდან ურევდა აქ სიტუაციას. ახლა სწორედ დავით კეზერაშვილია შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს სიტუაციას საქართველოში. მე იმედი მაქვს, შეხედავენ სერიოზულად ევროპული ქვეყნები ამ საქმეს და დავით კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს, რათა მან მოიხადოს სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა“, — აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

„ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

თავად დავით კეზერაშვილი მის მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში ბრალდებებს თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ ოპერირების შესახებ უარყოფდა.

დავით კეზერაშვილი საქართველოში ასევე მსჯავრდებულია ე.წ. წვრთნების საქმეზე, რომელზეც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა, უზენაესმა სასამართლომ კი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას 5 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.  პროკურატურა ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას.

დავით კეზერაშვილი ამჟამად საქართველოში ფლობს ტელეკომპანია „ფორმულას“ წილის 51%-ს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი