ახალი ამბები

მიმაჩნია, რომ ესაა პოლიტიკური აქტი — ნინო კასრაძე გვარამიას პატიმრობაზე

10 აპრილი, 2023 • 2300
მიმაჩნია, რომ ესაა პოლიტიკური აქტი — ნინო კასრაძე გვარამიას პატიმრობაზე

ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ მოძრაობას მსახიობი ნინო კასრაძე შეუერთდა. მისი სიტყვებით, “მთავარი არხის” დამფუძნებლის მიმართ ბრალდება უსამართლოა.

“მიმაჩნია, რომ ის ბრალდება, რითაც ნიკა არის გასამართლებული, ჩემთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის მიუღებელი, გაუგებარი და უსამართლობა.

მე პირადად, ნინო კასრაძეს, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი. ვთვლი, რომ ამ სიტუაციაში მთავარი გამოსავალი არის შეწყალება. ვიღაცამ კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს, ადამიანური ნაბიჯი უნდა გადადგას”, — ეუბნება ის “მთავარ არხს”.

გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი მოძრაობის ახალი წევრები მისმა დამფუძნებელმა, ბაჩანა შენგელიამ, 10 აპრილს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე წარუდგინა საზოგადოებას.

მათ შორის არიან მომღერლები და მუსიკოსები — თამრიკო ჭოხონელიძე, ლელა წურწუმია, ლექსენი, მერაბ სეფაშვილი და პაატა ბურჭულაძე.

შენგელიას თქმით, მისთვის საამაყოა, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდა საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი ექიმი, პროფესორ-მასწავლებლელი, მხატვარი, მწერალი, მსახიობი თუ მომღერალი, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მათი პოზიცია ამ რთულ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.


„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად მოძრაობა მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა. პროცესს საფუძველი ჩაუყარა „ინტელექტ-კლუბის“ წევრთა ნაწილმა. ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაზე გადის.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები. ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

გვარამიას გათავისუფლებისთვის მოძრაობას სეფაშვილი, ჭოხონელიძე და სხვა მუსიკოსები შეუერთდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი