ახალი ამბები

ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად მოძრაობა შეიქმნა

16 თებერვალი, 2023 • 877
ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად მოძრაობა შეიქმნა

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად მოძრაობა შეიქმნა. პროცესს საფუძველი ჩაუყარა „ინტელექტ-კლუბის“ წევრთა ნაწილმა. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაზე გადის.

გვარამიას მხარდასაჭერი მოძრაობის პრეზენტაცია რუსთავში, პენიტენციურ დაწესებულებასთან გაიმართა, სადაც „მთავარი არხის“ დამფუძნებელი იხდის სასჯელს. როგორც ბაჩანა შენგელია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, მოძრაობის კარი თითოეული მოქალაქისთვის ღიაა:

„გვექნება ყველანაირი ტიპის აქტივობა, მათ შორის, რეგიონებშიც ვაპირებთ ჩასვლას. ვგეგმავთ საინფორმაციო კამპანიას სოციალური ქსელების მეშვეობით და ყველა იმ საშუალებით, რომლითაც ჩვენ მივაწვდენთ თითოეულ მოქალაქეს ხმას“, — ამბობს ბაჩანა შენგელია.

გედევან ფოფხაძე კი აღნიშნავს, რომ მოძრაობის წევრები გეგმავენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასაც:

„მიგვაჩნია, რომ ეს თემა სულ უნდა იყოს მსჯელობის საგანი იმიტომ, რომ ეს არ არის ერთი ადამიანის უკანონო პატიმრობის საკითხი, ეს არის ევროპული არჩევანის საკითხი. პრეზიდენტთან კომუნიკაციაც, მე მგონია, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მე პირადად მიმაჩნია, რომ გარკვეული ძალები პრეზიდენტზე ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას და ბულინგს.

ჩვენ ასეთი ფორმით არ ვაპირებთ მასთან კომუნიკაციას, ჩვენ ვაპირებთ მისი მოტივაციის კუთხით ურთიერთობას, რომ დავუსაბუთოთ და ავუხსნათ, როდესაც ის აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ გზას, ეს გზა ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობის დასრულებაზეც გადის“, — აცხადებს გედევან ფოფხაძე ტელეკომპანია „პირველთან“.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი