ახალი ამბები

პრემიერი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტია – მურუსიძე

10 აპრილი, 2023 • 1289
პრემიერი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტია – მურუსიძე

უვადო მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლევან მურუსიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს შეხვედრა იმიტომ სთხოვეს, რომ ის არის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გარანტი.

„როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირი, მოსამართლეები პოლიტიკურად ხომ ვერ ვისაუბრებთ. აქედან გამომდინარე საქმის კურსში ჩავაყენეთ ჩვენი ქვეყნის პირველი პირი, მას ვთხოვეთ, რომ მობრძანებილიყო და გავანდეთ ჩვენი წუხილები. ჩემთვის კი არა, თქვენთვისაც გარანტიაა სახელმწიფოს უსაფრთხოების საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. რადგანაც მივმართეთ ჩვენ ბატონ პრემიერს, მიმაჩნია, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მარტო ჩემი კი არა, თქვენი გარანტიც არის“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.


5 აპრილს, 4 მოსამართლე , მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და მათი ოჯახები აშშ-ის სანქციების ქვეშ მოყვა – „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“.

სანქცირების შემდეგ მოსამართლეებმა პრემიერთან შეხვედრა მოითხოვეს. დღეს, 10 აპრილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სრულ მხარდაჭერა გამოუცხადა სანქცირებულ მოსამართლეებს და განაცხადა, რომ მიუღებელია სუვერენულ სასამართლოში ჩარევა.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი