ახალი ამბები

მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს — კალაძე

7 აპრილი, 2023 • 8514
მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს — კალაძე

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატებისგან ითხოვს მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზეც ვაშინგტონმა რამდენიმე ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. ის ასევე ამბობს, რომ სანქციების არ ეშინია.

“2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნაკარნახევი იყო ქვეყნის მდგომარეობით, ჩემი სამშობლოს სიყვარულით. ამას არ ვნანობ. დღესაც ჩემს ხალხს ვემსახურები.

სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. სამარცხვინოა, როდესაც ფულს გიხდიან და სხვისი ქვეყნის ინტერესებს ატარებ. მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს. თქვენ ნუ ინერვიულებთ ჩემს თანხებზე, ჩემს ბიზნესზე. ჩემს თავს როგორმე მივხედავ”, — უთხრა მან ჟურნალისტებს.

მისივე სიტყვებით, “აბსოლუტურად მიუღებელია” მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები.

“არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. იმედი მაქვს, წარმოადგენენ, თუ რას დაეფუძნა აღნიშნული გადაწყვეტილება, რა იყო ამის საბაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნება სუვერენულ სახელმწიფოსა და დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად.

ასეთი დამოკიდებულება დააზიანებს იმ ურთიერთობას, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის”, — დასძენს ის.

კალაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროინდელ სასამართლოსაც იხსენებს და დასძენს, რომ  ეს იყო”ჩვეულებრივი ნოტარიუსი”.

“დღეს ადამიანები, რომლებიც გაუგებრად ასანქცირებენ მოსამართლეებს, გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილის მმართველობა დემოკრატიის შუქურა იყო”, — ამბობს კალაძე.

ენმ-ის დროინდელ სასამართლოში, რომელსაც კალაძე აკრიტიკებს, აშშ-ის მიერ სანქცირებული ერთ-ერთი მოსამართლე, ლევან მურუსიძე საქმიანობდა. 2007 წელს მას მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლის ძალითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ.

თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. დღეს მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.

კიდევ ერთი სანქცირებული მოსამართლე, მიხეილ ჩინჩალაძე, “ნაციონალური მოძრაობის” დროს მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე. შემდეგ იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი, ისევე როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. დღეს ის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა.

სანქცირებულ მოსამართლეთა შორის მყოფი ირაკლი შენგელიაც პროკურატურის ორგანოებში საქმიანობდა ენმ-ის მმართველობის დროს, 2007 წელს კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე იყო. შენგელიამ 2016 წლიდან კვლავ დაიკავა ხსენებული პალატის თავმჯდომარის პოზიცია სააპელაციო სასამართლოში.

აწ უკვე ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე, რომელსაც ასევე შეეხო სანქციები, “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდიდან(2007 წელი) 2017 წლამდე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო.

მთავარ ფოტოზე: კახა კალაძე პარიზში (მარცხნივ), კახა კალაძე ცოლთან, ანუკი არეშიძესთან ერთად მილანში (მარჯვნივ).


5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

ოპოზიცია სანქციებს მიესალმება, მმართველის გუნდის ლიდერმა კი თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი