ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ კონსპირაციია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოში ამერიკელი კრიზის-მენეჯერის, მარშალ ქომინსის არშემოშვებასა და მოსამართლეთა სანქცირებას შორის რაიმე კავშირია.
ამ ორი მოვლენის შესაძლო კავშირზე მას ტვ „იმედის“ ეთერში დღეს, 6 აპრილს ჰკითხეს.
„არანაირი კავშირი არ არის. ეს არის კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რაც გვინახავს და რასაც ხშირად იმეორებს მმართველი პარტია. ეს აბნევს საოზგადოებას. ამერიკას აქვს საქართველოს დახმარების ძალიან ხანგრძლივი ისტორია.
არ არის სასარგებლო, როდესაც საქართველოში ვრცელდება კონსპირაციული თეორიები იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ამერიკა აქ. ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები. ამერიკა არ მიატოვებს ქართველ ხალხს, ჩვენ ვართ ერთგული ამ ურთიერთობის და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაც არ მიატოვებს ამერიკას“, — განაცხადა დეგნანამა.
საქართველოში რამდენიმე დღის წინ არ შემოუშვეს ამერიკელი კრიზის-მენეჯერი, სტრატეგიული კონსულტანტი, ექსპერტი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, მარშალ ქომინსი. ქომინსი რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა თბილისში და ეკონომიკის მინისტრს შეხვდა.
ინფორმაცია, რომ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს, მედიას 6 აპრილს დაუდასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა. მისი თქმით, ქომინსის საქმიანობა საქართველოში „დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასთან“.