ახალი ამბები

მსგავსი „ღირებულებები“ ჩემს ოჯახს არ სჭირდება — სანქცირებული მოსამართლე აშშ-ზე

6 აპრილი, 2023 • 2176
მსგავსი „ღირებულებები“ ჩემს ოჯახს არ სჭირდება — სანქცირებული მოსამართლე აშშ-ზე

სანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია ანტიდასავლური, ჰომოფობიური კომენტარით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პირადად მისთვის და დამატებით სამი პირისთვის სანქციების დაწესებას. 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა 3 მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, აშშ-ში შესვლა აუკრძალა.

შენგელიას შეფასებით, აშშ-ის „ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს; მე განმარტება ამის შესახებ ვერც სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ვერც ელჩ დეგნანისგან მოვისმინე, გარდა ზოგადი მითითებისა, რომ არსებობს რაღაც „სანდო ინფორმაცია“, რომელიც თურმე ადასტურებს ჩვენს კორუმპირებულობას.
ასეთი მტკიცებულებები ბუნებაში ვერც იარსებებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კორუფციის ფაქტები არ არსებობს“, — წერს შენგელია პირად ფეისბუკგვერდზე.

შენგელია ირწმუნება, რომ ის და მისი სხვა კოლეგები სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და მათზე არასდროს განხორციელებულა რაიმე სახის ზეწოლა მათ საქმიანობაში ჩარევის მიზნით.

„ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ სახეზეა აპრობირებული სქემა, რომელმაც კარგად იმუშავა, მაგალითად, უკრაინაში, ალბანეთში, სადაც, „რეფორმების“ შირმით განხორციელდა არასასურველი მოსამართლეებისაგან სისტემის წმენდა; სადაც ხელყოფილ იქნა სახელმწიფოების სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ამ ხელისუფლების ადმინისტრირება (მოსამართლეთა დანიშვნების ჩათვლით) მთლიანად გადაბარებულ იქნა ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ „რევიზორთა“ კომისიაზე“, — წერს სანქცირებული მოსამართლე.

ის ასევე აცხადებს, რომ აშშ-ში სტუმრობის სურვილი აღარ აქვს.

„დღევანდელ მოცემულობაში ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითაც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად ნიველირებულია, აღარ არსებობს. პირიქით, გამრუდებული და დაკნინებულია ყველა ის ღირებულება, რაზეც იდგა ამ ქვეყნის იდეოლოგია და, პირველ რიგში, ეს იყო სამართლიანობა და მის საფუძველზე ადამიანის უფლებების შეუვალი დაცვა, თანსწორუფლებიანობა და ა.შ.

ყველაფერ ამაზე ხაზის გადასმით, გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით „გაასამართლეს“ და „დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ,,მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე“, — აცხადებს ირაკლი შენგელია.

შენგელია ასევე აპელირებს „ტრადიციულ ოჯახზე“ და აშშ-ის წინააღმდეგ ტრანსფობიურ არგუმენტს იშველიებს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.

„პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ „ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი „ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება“, — აცხადებს მოსამართლე.

რეალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლო მონაცემებით, შტატების დიდ ნაწილში შეზღუდულია 18 წლამდე მოზარდებში გენდერული ტრანზიციისთვის სამედიცინო ჩარევა, მათ შორის, სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია. 

შტატების მხოლოდ მცირე ნაწილშია დაშვებული სამედიცინო თერაპია (მედიკამენტოზური) პუბერტატის, იგივე სქესობრივი მომწიფების  პერიოდიდან (13-14 წლის ასაკიდან).

მასალების გადაბეჭდვის წესი