აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობამ საგამოძიებო კომისია შექმნას.
ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, დღეს, 6 აპრილს, განაცხადა.
სასამართლო სისტემაში კორუფციის და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს საპარლამენტო ოპოზიციაც. ისინი კომისიის შექმნის მიზნით პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვენ.
თუმცა ანრი ოხანაშვილმა არ გამორიცხა, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია უმრავლესობამ შექმნას.
“შესაძლებელია, საერთოდ არ დაგვჭირდეს ოპოზიციის ჩართულობა და შეიძლება, ჩვენ დავსვათ ეს საკითხი რიგგარეშე სხდომების გარეშეც. შეიძლება, ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო კომისიის ინიციატორი, არავის შეხსენება გვჭირდება. თუ იქამდე მივედით, რომ ეს მექანიზმი ყველაზე ეფექტიანია და სხვა მექანიზმი არ არსებობს, რომ ყველაფერი იყოს საჯარო, დიდი ალბათობით, ამ ნაბიჯზეც ვიმსჯელებთ”, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
- აშშ-მა მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვა მოსამართლეები დაასანქცირა
- ექსპერტები აშშ-ის სანქციებზე: ეს გაფრთხილებაა
- „დაგვიანებული, მაგრამ მისასალმებელი“ – სენატორი მოსამართლეების სანქცირებაზე
რა არის დროებითი საგამოძიებო კომისია?
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით. კომისიის შექმნის საფუძველია:
- ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
- ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება. კომისიის შემადგენლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება იყოს ნახევარზე ნაკლები.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა. კომისია უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს, მიმართოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე. კომისიას უფლება აქვს, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს კანონმდებლობის დარღვევა, ასევე, დააყენოს გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.