ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანული მხარე 100-მდე ადამიანს ყარაბაღში, საკუთარ სახლში არ ატარებს

5 აპრილი, 2023 •
აზერბაიჯანული მხარე 100-მდე ადამიანს ყარაბაღში, საკუთარ სახლში არ ატარებს

2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღელებისთვის ერთადერთი სასიცოცხლო გზის – ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვის გამო, ყარაბაღის მოსახლეობა საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება. ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად 100-მდე ადამიანი სომხეთის ქალაქ გორისში იმყოფება და ყარაბაღში, საკუთარ ოჯახში დაბრუნებას ელის.

გუშინ, 4 აპრილს, რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში 27 ადამიანის [ქალები, ბავშვები და მოხუცები] შეყვანას ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს აზერბაიჯანული მხარის საავტომობილო გზის ბლოკადის გამო. ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანს სტრესის ფონზე სტეპანაკერტის კლინიკაში გადაყვანაც დასჭირდა.

ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე მხოლოდ რუსი სამშვიდობოებისა და წითელი ჯვრის მანქანებს ატარებს.

დღეს, 5 აპრილს, 115 დღე შესრულდა, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღს ჩაუკეტა ლაჩინის კორიდორი, ერთადერთი სასიცოცხლო გზა, რომელიც სომხეთსა და ყარაბაღს აკავშირებს, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული სახის პრობლემები შეუქმნა.

გაეროს მართლმსაჯულების სასამართლომ 22 თებერვალს გამოაქვეყნა დადებითი გადაწყვეტილება სომხეთის 2022 წლის 29 დეკემბრის მიმართვაზე, სადაც  ყარაბაღელებისთვის ერთადერთი გზის გახსნის თაობაზე ქვეყანა დროებითი ზომების მიღებას ითხოვდა.

გზა, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, ოფიციალურად აზერბაიჯანელი “ეკოაქტივისტების” მიერ არის ჩაკეტილი. ასევე, ოფიციალურ მიზეზად მათ დაასახელეს ყარაბაღში არსებულ საბადოებზე აზერბაიჯანული მხარის წვდომაზე შეზღუდვა და იქ შექმნილი ეკოლოგიური პრობლემები. თუმცა სომხური მხარე და ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიზანი არის ყარაბაღელების იზოლაცია, მათთვის ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა და ეთნიკური წმენდა.

ჰააგის სასამართლომ აზერბაიჯანს ყარაბაღელებისთვის გზის გახსნა დაავალა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი