ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჰააგის სასამართლომ აზერბაიჯანს ყარაბაღელებისთვის გზის გახსნა დაავალა

23 თებერვალი, 2023 • 1739
ჰააგის სასამართლომ აზერბაიჯანს ყარაბაღელებისთვის გზის გახსნა დაავალა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს 22 თებერვლის გადაწყვეტილებას სომხეთის 2022 წლის 29 დეკემბრის მიმართვაზე, სადაც  ყარაბაღელებისთვის ერთადერთი გზის გახსნის თაობაზე ქვეყანა დროებითი ზომების მიღებას ითხოვდა ყველა სახის რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციების  ფარგლებში.

გადაწყვეტილება 13 ხმით ორის წინააღმდეგ იყო მიღებული.

ამავე დროს, სასამართლომ წარდგენილი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ დააკმაყოფილა სომხეთის მოთხოვნა, აზერბაიჯანი დაევალდებულებინათ ყარაბაღისთვის გაზის მიწოდებაზე.

“სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობს სომხებისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების პირდაპირი საფრთხე და აზერბაიჯანს მოუწოდა მიიღოს ყველა ზომა  ლაჩინის კორიდორის ორივე მიმართულებით ცალკეული მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებათა და ტვირთვების შეუზღუდავი გადაადგილებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ბლოკადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”, – ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამასთან, სომხეთი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, მიიღონ ზომები აზერბაიჯანის მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულებისთვის.


12 დეკემბრის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთისა და ყარაბაღის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა – ლაჩინის კორიდორი ჩაკეტა, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული სახის პრობლემები შეუქმნა.

“ყარაბაღის გზის გახსნა რუსი სამშვიდობოების და აზერბაიჯანის ვალდებულებაა”

საკვები პროდუქციის დეფიციტის გარდა, საბავშვო ბაღები და გახანგრძლივებული რეჟიმის მქონე სკოლები საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტის გამო დაიკეტა და დაახლოებით 5500 ბავშვი საბავშვო ბაღის და სკოლის გარეშე დარჩა.

20 იანვრიდან ყარაბაღში სურსათის მაღაზიებში საკვები პროდუქტების შესაძენად სატალონე სისტემა შემოიღეს.

ლაჩინის კორიდორის ბლოკადა, რომელიც მთიან ყარაბაღში საფრთხის ქვეშ აყენებს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას”,- აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty international.

ერთადერთი გზა, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, 12 დეკემბრიდან არის ჩაკეტილი აზერბაიჯანელი “ეკოაქტივისტების” მიერ. ოფიციალურად მიზეზად მათ დაასახელეს ყარაბაღში არსებულ საბადოებზე აზერბაიჯანული მხარის წვდომაზე შეზღუდვა და იქ შექმნილი ეკოლოგიური პრობლემები.თუმცა სომხური მხარე და ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიზანი არის ყარაბაღელების იზოლაცია, მათთვის ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა და ეთნიკური წმენდა.

აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ მძიმე პაციენტების სომხეთის ტერიტორიაზე გადასაყვანად აზერბაიჯანელი აქტივისტები “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” მანქანებს შეუფერხებლად ატარებენ.

ჩაკეტილი გზის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება სტეპანაკერტში და ჩაკეტილ გზასთან ახლოს. ასევე, აქციებს მართავენ სომეხი აქტივისტები, რომლებიც შექმნილ ვითარებაში რუსეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას, რადგანაც, მათი მტკიცებით, სწორედ რუსმა სამშვიდობო ძალებმა აიღეს ვალდებულება, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის ლაჩინის კორიდორს შეუფერხებლად ემუშავა.

აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღელებისთვის ერთადერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის გზის [ლაჩინის კორიდორი, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს] ჩაკეტვის საკითხზე ყარაბაღში საინიციატივო ჯგუფმა “არცახის ქალები მომავლისთვის” ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე პეტიცია გამოაქვეყნა. პეტიციას რამდენიმე ათასი ხელმოწერა აქვს. მიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტისადმი ქალები სთხოვენ მას, დაეხმაროს ყარაბაღელებს ლაჩინის კორიდორის გახსნაში.

ლაჩინის კორიდორი სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებს ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან. 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით გაფორმდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდნენ ლაჩინის კორიდორს.

მასალების გადაბეჭდვის წესი