ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი თბილისს სიფრთხილეს უწონებს

5 აპრილი, 2023 •
სოხუმი თბილისს სიფრთხილეს უწონებს

“მიღებული ინფორმაციის ანალიზი საშუალებას გვაძლევს, აღვნიშნოთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მიუხედავად კოლოსალური ზეწოლისა, ფხიზლად აფასებს სიტუაციას და რუსეთთან “მეორე ფრონტის” გახსნაზე პროვოკაციებს არ ჰყვება”, – ასე გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის უფროსი რობერტ კიუტი მოსკოვის განცხადებას “მეორე ფრონტთან” დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, აფხაზური მხარე “უწყვეტ რეჟიმში იღებს ინფორმაციას, ამუშავებს მას და მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან”. ამის მიუხედავად, როგორც კიუტი ამბობს, სოხუმი ასევე აქტიურად მუშაობს საბრძოლო მომზადებისა და თანამშრომლების ტექნიკური აღჭურვის კუთხით.

რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის რისკებზე მოსკოვმა კვლავ განაცხადა.

“ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონის დაჟინებულ მცდელობებს, დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობაში. ისინი ხედავენ, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ არ წყდება. შესაბამისად, დასავლეთი არწმუნებს თბილისს, რომ ახლა ხელსაყრელი მომენტია აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასაბრუნებლად”, – თქვა 4 აპრილს სერგეი ნარიშკინმა, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრისას.

“მეორე ფრონტის” გახსნის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. “ქართული ოცნების”  კონკრეტული წევრები საჯარო განცხადებებში დასავლეთს “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაში ადანაშაულებენ. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეორე ფრონტის გახსნის  თემა მოგონილი და ტყუილია, რითაც პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს. 

ე.წ. მეორე ფრონტის რისკებზე, საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის გარდა, პერიოდულად საუბრობენ სოხუმსა და ცხინვალში.

მასალების გადაბეჭდვის წესი