ახალი ამბები

თბილისის პარკინგი ავტომანქანებს უცხოური სანომრე ნიშნით ზოგ შემთხვევაში არ აჯარიმებს

5 აპრილი, 2023 • 4526
თბილისის პარკინგი ავტომანქანებს უცხოური სანომრე ნიშნით ზოგ შემთხვევაში არ აჯარიმებს

თბილისში პარკირების წესების დარღვევისას უცხოურნომრიანი ავტომანქანები არ ჯარიმდებიან მძღოლის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში. ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის მერიაში დღეს, 5 აპრილს განუცხადეს.

ნეტგაზეთი აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სოციალურ ქსელში ესმა გუმბერიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შშმ პირებისთვის განკუთვნილ პარკინგზე დგას ავტომანქანა რუსული ნომრებით. თბილისის პარკინგის თანამშრომელი მოქალაქეს ეუბნება, რომ “უცხო ნომრებზე, მით უმეტეს, რუსულებზე”, ჯარიმას “არ აწერინებენ” და “ჯერჯერობით შეზღუდვა აქვთ”. მოქალაქის შეკითხვაზე, რომ განუმარტოს, თუ რატომ აქვთ თბილისის პარკინგის თანამშრომლებს შეზღუდვა, ის ვერ პასუხობს და ეუბნება, რომ დაუკავშირდება კოორდინატორს, რათა ევაკუატორით გადაიყვანონ კანონდამრღვევის მანქანა.

“არც თურქულზე ვწერთ, არც აზერბაიჯანულზე, არც უკრაინულზე… ჯერჯერობით არ ვწერთ. ვწერდით… 200-ლარიანი ეკუთვნის”, – ამბობს თბილისის პარკინგის თანამშრომელი.

თბილისის მერიის განცხადებით, უცხო ქვეყნის ნომრით რეგისტრირებულ ავტომანქანებს აჯარიმებენ და სპეციალურ სადგომზეც გადაჰყავთ, თუმცა თბილისის მერიას ჯარიმის დაწერა არ შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე არ იქნება სამართალდამრღვევი პირი. მერიის განამრტებით, ამ შემთხვევაში ჯარიმის გამოწერა შეუძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მერიის ინფორმაციით, იმისთვის, რომ მძღოლის არყოფნის შემთხვევაში თბილისის პარკინგის თანამსრომლებს ჯარიმის გამოწერის უფლება მიეცეთ, შესაბამისი სამართლებრივ აქტებში მზადდება ცვლილებები, რომელიც ძალაში “უახლოეს მომავალში” შევა.

რაც შეეხება შსს-ს მიერ დაჯარიმების შემთხვევაში მის აღსრულებას, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან უცხოურნომრიანი ავტომანქანისთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითარი შსს-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება და უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ასევე, ქვითარი შესაძლოა ჩაბარდეს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროსაც. ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში კი შესაძლოა ცუხოელს უარი ეთქვას საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში კვლავ შემოსვლაზე.

თუ მოუნდებათ, ჯარიმას არ გადაიხდიან — როგორ აკონტროლებენ უცხოურ ავტომობილებს გზებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი