საზოგადოება

თუ მოუნდებათ, ჯარიმას არ გადაიხდიან — როგორ აკონტროლებენ უცხოურ ავტომობილებს გზებზე

1 ოქტომბერი, 2022 • 2583
თუ მოუნდებათ, ჯარიმას არ გადაიხდიან — როგორ აკონტროლებენ უცხოურ ავტომობილებს გზებზე

უკვე ათ დღეზე მეტია, საქართველოს სახმელეთო საზღვარს რუსეთის მხრიდან ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვეთს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანაში ავტომობილით შემოდის.

რას ნიშნავს ეს საქართველოს საგზაო უსაფრთხოებისთვის? როგორც ნეტგაზეთმა გაარკვია, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში, უცხოურნომრიანი ავტომობილების დაჯარიმებისა და შემდგომ ჯარიმების ამოღების სისტემას მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს. არსებული მექანიზმი საშუალებას აძლევს უცხოეთის მოქალაქეს, ჯარიმა საერთოდ არ გადაიხადოს, ისე დატოვოს ქვეყანა. პრობლემას აღიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

ნეტგაზეთი შეეცადა, ეპოვა კითხვები პასუხებზე, რომელიც ამ პრობლემასთან დაკავშირებით არსებობს და შეეცადა გაერკვია, რა შეიძლება იყოს გამოსავალი საგზაო უსაფრთხოების უფრო მეტად უზრუნველსაყოფად.

როგორ აკონტროლებს შსს უცხოურნომრიან ავტომობილებს?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერვიუსთვის დაუკავშირდა. თუმცა მას შემდეგ, რაც პრესსამსახურისგან ვერ მივიღეთ ცხადი პასუხი, გაგვესაუბრებოდა თუ არა ამ საკითხზე სამინისტროს წარმომადგენელი, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზსა და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზს დავუკავშირდით როგორც დაინტერესებული მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნებით გადაადგილება საქართველოში დაშვებულია მაქსიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამის შემდგომ მანქანის მფლობელი ვალდებულია, აიღოს დროებითი სანომრე ნიშნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე 50 ლარით დააჯარიმებენ.

დროებითი სანომრე ნიშნის აღებისას ავტომანქანას ენიჭება ქართული ნომრები და მანქანა დროებით რეგისტრაციას გადის. აღნიშნული ნომრებით სარგებლობა მფლობელს მაქსიმუმ სამი წლის ვადით შეუძლია.

რაც შეეხება ე.წ. ჭკვიანი კამერების ჯარიმებს, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზის ცნობით, კამერები უცხოეთში რეგისტრირებული ნომრების მქონე ავტომანქანების დარღვევებს აფიქსირებენ.

თუმცა, საქართველოს მოქალაქისგან განსხვავებით, უცხოეთის მოქალაქეს რომელიც უცხოური სანომრე ნიშნებით გადაადგილდება, არ ეგზავნება მოკლეტექსტური შეტყობინება, ასევე ის ვერ მოახერხებს ჯარიმის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად მიღებას.

ცხელი ხაზის განმარტებით, უცხოური ნომრებით მოძრავი ავტომობილის მძღოლს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლია მხოლოდ საზღვარზე, ქვეყნის დატოვებისას ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში. ამის შემდეგ ჯარიმა ჩაბარებულად ჩაითვლება და დაიწყება ჯარიმის ნებაყოფლობითი გადახდის დროის ათვლა.

იმ შემთხვევაში თუ საზღვრის კვეთისას უცხოეთის მოქალაქეს ჯარიმის გადასახდელად განსაზღვრული ვადებისთვის არ გადაუცილებია, მას მითითებულ ვადებში ჯარიმის გადახდა შეუძლია ქვეყნის დატოვებამდე, დატოვების შემდეგ ან საქართველოში დაბრუნებისას.

ცხელი ხაზის ინფორმაციით, ვიდეოჯარიმებს ხანგრძლივი ვადები აქვს და ყველა ჯარიმის შემთხვევაში გადახდისთვის განკუთვნილი დრო ინდივიდუალურია. ჯარიმის ათვლა კი იწყება მისი ჩაბარებიდან.

თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უცხოეთის მოქალაქე საზღვრის კვეთამდე ვერ ჩაიბარებს ვიდეოჯარიმას, თუ საპატრულო პოლიციის შესაბამის დეპარტამენტს არ მიაკითხა, ჯარიმის ვადის ათვლა დაიწყება საზღვრის კვეთისას.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ უცხოური სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილის მფლობელი საქართველოში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება, ის ვალდებულია, გაიაროს ავტომობილის დროებითი რეგისტრაცია. თუმცა, მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მანამდე დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობა დროებითი ნომრის აღებას ხელს არ უშლის.

რა ხდება ვიდეჯარიმის გამოწერის შემთხვევაში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ე.წ. ჭკვიანი კამერების სისტემით უცხოეთში რეგისტრირებული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანების დაჯარიმება ხდება, თუმცა „არის გარკვეული სამართლებრივი პობლემა“ აღსრულებასთან დაკავშირებით:

„როცა დაჯარიმება ხდება ვიდეოჯარიმით, [ქვითარი] უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე. ეს ქმნის გარკვეულ სირთულეს, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს და ეფექტიანი აღსრულება მოხდეს.

ის, რომ ჭკვიანი კამერები ვერ აფიქსირებს [უცხოურნომრიანი ავტომანქანების დარღვევებს], ამას არ ვადასტურებთ. აფიქსირებს და აჯარიმებს, საუბარია აღსრულების მექანიზმის დახვეწაზე“, — განაცხადა დარახველიძემ 30 სექტემბერს პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას ნეტგაზეთის დასმულ შეკითხვაზე.

ალექსანდრე დარახველიძე

იმის გასარკვევად, რა მექანიზმებს ითვალისწინებს კანონი დაჯარიმებისა და აღსრულების ნაწილში, ნეტგაზეთი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, გვანცა ბარბაქაძეს ესაუბრა.

ის ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვის წინ საპატრულო პოლიციისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. ჭკვიან კამერებს არ აქვთ წვდომა უცხოურნომრიანი ავტომანქანების მონაცემებზე, რადგან საზღვრის კვეთისას ეს ავტომანქანები დროებით რეგისტრაციას არ გადიან, შესაბამისად, მათი აღრიცხვა მონაცემთა ბაზაში არ ხდება. თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ე.წ. ჭკვიანი კამერები უცხოურნომრიან ავტომანქანებს აჯარიმებენ.

გვანცა ბარბაქაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სწორია ინფორმაცია, რომელსაც მინისტრის მოადგილე და უწყების ცხელი ხაზი გვაწვდიან, შესაძლებელია, რომ შეიქმნას ამ მანქანების მძღოლების მონაცემთა ბაზაც, სადაც მათი ტელეფონის ნომრებიც იქნებოდა აღრიცხული, რომელზეც დაჯარიმების შესახებ ინფორმაციას მიიღებდნენ.

„ზოგადად, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი პრინციპით, პირისთვის ცნობილი უნდა იყოს იმ ჯარიმის თაობაზე, რაც მის მიმართ გამოიწერა. [უცხოურნომრიანი მანქანების მძღოლების შემთხვევაში] პრობლემა ისაა, რომ ეს ადამიანები სხვაგვარად ვერ იგებენ ჯარიმის შესახებ ინფორმაციას, თუ არ გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ან საზღვარზე არ უთხრეს.

მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში შეტყობინება ტელეფონზე ეგზავნებათ, ასევე იტვირთება ელექტრონულადაც. თეორიულად, იგივე პრინციპით შეიძლება მოგვარდეს პრობლემა უცხოეთის მოქალაქის შემთხვევაშიც“, — ამბობს ბარბაქაძე.

იურისტი ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთის მოქალაქე უცხოურნომრიანი სანომრე ნიშნებით საქართველოში 90 დღეზე მეტხანს გაჩერდება, ავტომანქანის დროებითი რეგისტრაცია მოუწევს.

დროებითი რეგისტრაციის შემდეგ კი, მისი თქმით, საქართველოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იქნება როგორც მანქანა, ასევე მფლობელიც „და ბევრად უფრო მარტივი იქნება მათი ინფორმირება მათ წინააღმდეგ გამოწერილი ჯარიმისა თუ სხვა სანქციის თაობაზე“.

იურისტი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, უცხოეთის და საქართველოს მოქალაქეს წესების დარღვევის შემთხვევაში სანქციები ერთნაირად ეკისრებათ. ანუ იმ შემთხვევაში თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჯარიმდება და ქვითრის ჩაბარების შემდეგ დადგენილ ვადებში ნებაყოფლობით არ გადაიხდის ჯარიმის თანხას, მას იგივე პასუხისმგებლობები დაეკისრება, როგორც საქართველოს მოქალაქეს.

თუმცა ამით პრობლემა სრულად ვერ მოგვარდება, რადგან უცხოეთის მოქალაქეების შემთხვევაში ყოველთვის არსებობს თანმდევი რისკები აღსრულების ნაწილში. პრობლემის შინაარს იურისტი შემდეგნაირად ხსნის:

„ეს რისკები არსებობს თუნდაც სახელშეკრულებო ურთიერთობებთან მიმართებითაც. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოში და ამ ადამიანს მის სახელზე ამ ქვეყანაში არ გააჩნია ქონება, ეს გადაწყვეტილებები ჩვენს ტერიტორიაზე ვერ სრულდება.

ერთი მექანიზმია, რომ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხდეს გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება, რომლის მოქალაქეცაა ადამიანი. მაგრამ ეს არ არის ადვილი პროცედურა, სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, როგორ უნდა მოხდეს მსგავსი რამ, ცოტა რთული წარმოსადგენია ადმინისტრაციული სამართალდრღვევის შემთხვევაში“, — განმარტავს ბარბაქაძე.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ თუ უცხოეთის მოქალაქის სახელზე არ ირიცხება საქართველოში რეგისტრირებული ქონება, მაღალია რისკი, რომ სამართალდარღვევის შედეგად გამოწერილი ჯარიმის აღსრულება საერთოდ ვერ მოხდეს.

რა პრობლემებს ქმნის ჯარიმის აღსრულების საკითხი

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ უცხოეთში რეგისტრირებული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილების დაჯარიმებასა და მის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პრობლემები ახალი არ არის.

თუმცა, მისი თქმით, ბოლო დღეებში საქართველოში, წინა პერიოდთან შედარებით, მეტი უცხოური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილი შემოდის, რაც ქვეყანაში არსებულ საგზაო უსაფრთხოების პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში ისინი იმავე პასუხისმგებლობის წინაშე არ დგებიან, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ამ მძღოლებისთვის შეიძლება იყოს ერთგვარი წახალისება, რომ დაარღვიონ კანონი.

„ფაქტია, რომ მათზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული ღონისძიებები, რაც ეხება ჭკვიან კამერებსა და რადარს… ეს განსაკუთრებით იგრძნობა ჩქაროსნულ მაგისტრალებზე…

ეს ეხება ყველაზე მთავარ დარღვევას, სიჩქარის გადაჭარბებას, რომელიც საგზაო უბედური შემთხვევების წამყვანი მიზეზია“, — განმარტავს მესხიშვილი.

დავით მესხიშვილი. ფოტო: FB/დავით მესხიშვილი

მესხიშვილი ამბობს, რომ ჯარიმების ადმინისტრირების პრობლემა ქვეყანაში არსებულ საგზაო უსაფრთხოების „სავალალო“ სტანდარტს, კიდევ უფრო გააუარესებს, როგორც უბედური შემთხვევების, ასევე ქალაქში საცობების მხრივაც.

ის აღნიშნავს, რომ რუსეთიდან შემოსული სატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაწილი ქალაქებისკენ მიემართება, განსაკუთრებით კი დედაქალაქში იყრის თავს, სადაც მოძრაობა უფრო ინტენსიურია, წესების დარღვევის შემთხვევაში კი იზრდება საცობების რაოდენობაც:

„რაც უფრო ნაკლებია კანონის აღსრულება, მეტად ირღვევა საგზაო წესები და რაც უფრო მეტად ირღვევა წესები, მით მეტი საცობი გვაქვს…

აქ ხომ არ არის საუბარი 20 ავტომობილზე, ვსაუბრობთ ათასობით ავტომობილზე, რომელიც საქართველოში შემოდის.

იმას არ ვამბობ, რომ ბევრი ადამიანი არ უნდა იყოს, თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული. ეს არ ეხება მხოლოდ რუსულ ნომრებს, იგივე ხდება ყველა უცხოურ ნომრებზე, მათ შორის, ტრანზიტულებზეც“, — ამბობს ის.

ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით უცხოური ნომრების მქონე ავტომანქანების დაჯარიმების საკითხს პრობლემურად მიიჩნევს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი, ეკა ლალიაშვილიც.

მესხიშვილის მსგავსად, ლალიაშვილიც აცხადებს, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემური გახდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში უცხოური ნომრებით მოძრავმა ავტომობილებმა იმატა:

„აქ რომ იყოს საუბარი ათ ან ას ადამიანზე, შეიძლება პრობლემა არ ყოფილიყო, რადგან არ არის ეს თვალშისაცემი, მაგრამ უკვე ათასობით უცხოეთის მოქალაქეა, რომლებიც, ერთი მხრივ, გზის გადატვირთვას იწვევენ, მეორე მხრივ კი რადგან არ აქვთ განცდა, რომ ჯარიმდებიან, შეიძლება არ დაემორჩილონ წესებს და დროთა განმავლობაში გათამამდნენ.

მხოლოდ ჯარიმაზე არ არის საკითხი, აქ საუბარია იმ ფატალურ შემთხვევებზე, რის რისკებსაც ეს ყველაფერი გაზრდის. ანუ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეების სიჭარბე იქნება, რომლებიც ვერ კონტროლდებიან და არ მოხდება კანონის აღსრულება, ეს დარღვევების მომატებას გამოიწვევს და ავტოსაგზაო შემთხვევებიც მოიმატებს“, — ამბობს ლალიაშვილი.

ეკა ლალიაშვილი

ეკა ლალიაშვილი

საგზაო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები პრობლემიდან გამოსავალს ქვეყნის შიგნით კონტროლის მექანიზმების შექმნაში ხედავენ. მათი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებისა და მათი მძღოლების ერთიანი ბაზის არსებობა იმისთვის, რომ მოხდეს გამართული ადმინისტრირება.

ამის შემდეგ კი, დავით მესხიშვილის აზრით, ე.წ. ჭკვიანი კამერებით დაჯარიმების შემთხვევაში გადახდის ორი მექანიზმი უნდა არსებობდეს:

  1. უცხოური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილის დროებითი რეგისტრაცია არ მოხდეს ჯარიმის გადახდის გარეშე;
  2. უცხოეთის მოქალაქეს ჯარიმის გადახდის ვალდებულება საქართველოს საზღვრის დატოვებისას უნდა ჰქონდეს.

ლალიაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ დროულად უნდა დაიწყოს აღსრულების მექანიზმების შემუშავებაზე მსჯელობა, სადაც განიხილება კონტროლის სხვადასხვა შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა საგზაო უსაფრთხოების მხრივ შესაძლოა დიდი გამოწვევების წინაშე დადგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი