ახალი ამბები

არ უნდა შეეშინდეთ დეკეზერიზაციის — კობახიძე

4 აპრილი, 2023 • 835
არ უნდა შეეშინდეთ დეკეზერიზაციის — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაცია არ ნიშნავს „დებიძინიზაციას“, როგორც ეს ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ თქვა.

„სინამდვილეში დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ქვეყნის გათავისუფლებას ოლიგარქიული გავლენებისგან, რაზეც აღიარებითი ჩვენება დადო კეზერაშვილმა. წესით, ეს აღიარება არ უნდა დაედო, მაგრამ კეზერაშვილი აბსოლუტურად უინტელექტო ადამიანია და აქვს ხოლმე წამოცდენები და თავიდან ბოლომდე აღიარა, რომ მას აქვს არაფორმალური გავლენა პოლიტიკაზე, შავი ფულით აფინანსებს ქართულ პოლიტიკას, შესაბამისად, ის არის ოლიგარქი. კანონის მიღება არის საჭირო იმისთვის, რომ სადაც არის, მით უმეტეს, აღიარებული ოლიგარქიული გავლენები, იქ მოხდეს რეაგირება. დეოლიგარქიზაცია თუ არის მიზანი, „ნაცმოძრაობის“ პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ, მაგალითად, იგივე „დეკეზერიზაციის“, — განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება „ოცნების“ ინიციატივა არ ყოფილა და თუ ევროკავშირი იტყვის, რომ დეოლიგარქიზაცია არაა მიზანი, კანონს არ მიიღებენ. სხვა შემთხვევაში, კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს პარლამენტი ივნისის ბოლომდე მიიღებს, მანამდე კი ვენეციის კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

„ვენეციის კომისიის პირველი დასკვნა [დეოლიგარქიზაციის კანონზე] იყო დადებითი. აქვთ ექვსი შენიშვნა, რასაც გავიზიარებთ. საქმე ეხება ამ ექვსი გაზიარებული შენიშვნის გადაგზავნას ვენეციის კომისიაში. ექვსივე არის არსებითად ტექნიკური. დაველოდებით ამ 6 დაზუსტებაზე საბოლოო პასუხს. ტექნიკური საკითხებია და რა შენიშვნებით უნდა დაგვიბრუნდეს? ამაზეც თუ უნდათ დასკვნა დაწერონ, კი ბატონო, გავაგზავნით, გამოაგზავნიან და ივნისის ბოლომდე საბოლოოდ მივიღებთ ამ კანონს“, — განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მეორე მოსმენაზე განხილვისთვის დააბრუნა. ამის მოტივად დასახელებულია ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც დეოლიგარქიზაციის საკითხების შემდგომ დაზუსტებას უკავშირდება.

ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედური მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.

საკუთარ მოსაზრებაში კომისია ორ მიდგომას გამოყოფს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „პერსონალური“ მიდგომისას ხდება ადამიანების სპეციფიკური კრიტერიუმებით შერჩევა და მათთვის „ოლიგარქების“ დარქმევა. ამგვარი კრიტერიუმები კი, დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა იყოს მედიის მფლობელობა, სიმდიდრე და ა.შ. და მიზნად ისახავს მათი გავლენის შემცირებას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. კომისია მიიჩნევს, რომ ამგვარი მოდელი აჩენს ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს და მყარი გარანტიების გარეშე, შესაძლოა დაირღვეს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის პრინციპები.

ამრიგად, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ის უპირატესობას ანიჭებს უფრო სისტემურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ჩარჩოსა და ინსტიტუციების გაძლიერებას. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, მათი მოსაზრებით, პერსონალური მიდგომა ზოგადად პრობლემურია, არ ნიშნავს, რომ მისი ყველა ელემენტი და მიდგომა არალეგალურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი