კომენტარი

დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას — ევროპარლამენტარი

13 ივლისი, 2022 • 1308
დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას — ევროპარლამენტარი

ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საუბრობს დეოლიგარქიზაციაზე, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წამოყენებულ პირობებში.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას იუკნევიჩიანემ თქვა, რომ საქართველო დღეს არის ერთი ადამიანის ტყვეობაში.

“ქართველი ხალხი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას და ეს მართლაც მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ [მიმდინარე] მოვლენები, როგორც მოვისმინეთ ჩვენი კოლეგებისგან, სამწუხაროა.

მე ვიტყოდი, რომ საქართველო ერთი ადამიანის ტყვეობაშია და თუ “ქართულ ოცნებას” არ ესმის, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია ნახსენები, მე მათ დავეხმარები გაგებაში. ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას.

ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სჭირდება. [მათ სჭირდებათ], რომ აღარ იყვნენ ერთი ადამიანის მძევლები”, — დასძინა მან.

იუკნევიჩიენემ ევროკომისიასა და სხვა ინსტიტუციებს ასევე შეახსენა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას შეიცავს. მანვე ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე საქართველოში.

“ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ქვეყანას, რომ გათავისუფლდეს, ძალიან ღიად ვიტყოდი, კრემლის მსგავსი პოლიტიკისგან, რომელიც ძალიან ეხმარება კრემლს, მომავალში ეს ქვეყანა ევროკავშირის მიღმა დატოვოს.

ჩვენ უნდა გვქონდეს სამოქალაქო საზოგადოების იმედი. ვხედავთ მცდელობებს, რამდენიმე კვირის წინ ხალხის მიერ ორგანიზებულ უდიდეს დემონსტრაციებს საქართველოს ისტორიაში.

ძალიან პოზიტიურ და ოპტიმისტურ მცდელობებს ვხედავ ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობ, ისინი თავიანთ საქმეს გააკეთებენ, ჩვენ ამ ხალხთან ერთად ვიქნებით ევროკავშირის ოჯახში და ეს ჩემს სიცოცხლეში მოხდება”, — აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

დღეს, 13 ივლისს, ევროპარლამენტში მოუსმინეს ესტონელ ევროპარლამენტარ სვენ მიკსერს (სოციალ-დემოკრატიული პარტია), რომელმაც წარადგინა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიში.

ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას, სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში მიიღებს.

დოკუმენტის პროექტში საუბარია ყველა იმ საკითხზე, რომლის მოგვარებისკენაც საქართველოს მოუწოდებენ ევროპული ინსტიტუციები ბოლო პერიოდში – პოლიტიკურ დიალოგზე, არჩევნებზე, სასამართლო რეფორმაზე, „დეოლიგარქიზაციაზე“, მედიის უფლებებზე და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი