ახალი ამბები

წარმოუდგენელია, ქვეყნისთვის კარგი სურდეს და ანარქისტულ განცხადებებს აკეთებდეს – წილოსანი ფონ კრამონზე

3 აპრილი, 2023 • 1317
წარმოუდგენელია, ქვეყნისთვის კარგი სურდეს და ანარქისტულ განცხადებებს აკეთებდეს – წილოსანი ფონ კრამონზე

„ქართული ოცნების“ წევრები ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს აკრტიკებენ, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე იყო მისული და მას სოლიდარობა გამოუცხადა.

ნინო წილოსანის თქმით, ვიოლა ფონ კრამონს მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და პოლიტიკური სტაბილურობის მიმართ.

„შეუფერებელია ევროპის პარლამენტარის და ჩვენი ქვეყნის თუნდაც გულშემატკივრის განცხადებებთან. წარმოუდგენელია, რომ ადამიანს სურდეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და ის აკეთებდეს ამგვარ დესტრუქციულ და ანარქისტულ განცხადებებს. მე ვისურვებდი, რომ მას უფრო მეტი პატივისცემა გამოეჩინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობის მიმართ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრის, მარიამ ლაშხის თქმით, ვიოლა ფონ კრამონის მიერ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერა ყოვლად მიუღებელი და გაუგონარია.

„ევროპარლამენტი, რომელიც მოგიწოდებს, ერთი მხრივ, კანონის უზენაესობაზე, მოგიწოდებს დეპოლარიზებაზე, ამის პარალელურად, ევროპარლამენტარი იყოს ჩართული ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერ აქციებში და განცხადებებში… ჩვენ გვახსოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებითაც, ერთი მხრივ, შეიძლება, მის ქვეყანაში მხარს უჭერდეს ამას, მაგრამ სხვა ქვეყანაში მაიდანს ამსგავსებდეს. შესაბამისად, ყოვლად მიუღებელი და გაუგონარია“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ არასწორია.


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა, რომელიც  1 აპრილს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა.

ევროპარლამენტარმა შეურაცხმყოფელი უწოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც 21 წლის ლაზარეს „არეული ორიენტაციის“ ადამიანი უწოდა. გარდა ამისა, სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა მისი დისკრედიტაციის მასშტაბური კამპანია წამოიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი