ახალი ამბები

ევროპარლამენტარის დასწრება პოლიტიკური პარტიის აქციაზე მიუღებელია – კობახიძე

3 აპრილი, 2023 • 763
ევროპარლამენტარის დასწრება პოლიტიკური პარტიის აქციაზე მიუღებელია – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიუღებელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლა ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებული იყო.

კობახიძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ არასწორია.

„ჩვენ ვიცით ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ, ეს არის, სამწუხაროდ, ერთგვარი უდიერი დამოკიდებულება და ამის გამოვლინება იყო გუშინ მისი მისვლა იმ აქციაზე, რომელიც გამართა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ. როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას, ეს უკვე თავისთავად არის მიუღებელი და კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ, ეს დამოკიდებულება, უბრალოდ, არ არის სწორი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა, რომელიც  1 აპრილს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა.

ევროპარლამენტარმა შეურაცხმყოფელი უწოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც 21 წლის ლაზარეს „არეული ორიენტაციის“ ადამიანი უწოდა. გარდა ამისა, სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა მისი დისკრედიტაციის მასშტაბური კამპანია წამოიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი