ახალი ამბები

ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა

1 აპრილი, 2023 • 3472
ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა, რომელიც დღეს, 1 აპრილს, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა.

ევროპარლამენტარმა შეურაცხმყოფელი უწოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც 21 წლის ლაზარეს „არეული ორიენტაციის“ ადამიანი უწოდა. გარდა ამისა, სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა მისი დისკრედიტაციის მასშტაბური კამპანია წამოიწყეს.

„შეიძლება, ეს კრიმინალური საქმე იყოს, მაგრამ ის გამოარჩიეს, გახადეს საჩვენებელი და ვფიქრობ, ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი. იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა მარტის დასაწყისში, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველას აქვს შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლება, არ არის საჭირო კონკრეტული ინდივიდების გამორჩევა. ეს არის მიზეზი, რის გამოც სოლიდარობის გამოსახატად მოვედი აქ“, — უთხრა ჟურნალისტებს ვიოლა ფონ კრამონმა.

სოლიდარობის აქციაზე ასევე უჩვენეს დოკუმენტური ფილმი ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზე. ღონისძიება ევროკავშირის ჰიმნით დასრულდა.


აქციის ორგანიზატორი „ევროპული საქართველო“ იყო, თუმცა ღონისძიებას პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების გარდა საზოგადოების სხვა ჯგუფებიც ესწრებოდნენ.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან  “რუსული კანონის” წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას.

დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ აქციაზე მისულები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ 21 წლის ლაზარეს საჩვენებელი დასჯა გადაწყვიტა, რათა მისი თაობის ადამიანები დააშინოს და პროტესტის სურვილი გაუქროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი