ახალი ამბები

დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა – პროკურატურა “ამბასადორში” ხანძრის გაჩენაში ბრალდებულზე

2 აპრილი, 2023 • 1930
დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა – პროკურატურა “ამბასადორში” ხანძრის გაჩენაში ბრალდებულზე

თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში” ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ პირა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შსს-ს გამოძიებით დადგენილია, რომ 31 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, სასტუმრო “ამბასადორში”, ბრალდებულმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა. შედეგად გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.

“იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის”, – ამბობს პროკურატურა.

პოლიციამ ბრალდებული 31 მარტს დააკავა. მას ბრალდება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი