ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ვიმედოვნებთ, სომხეთი ჰააგის სასამართლოს რომის სტატუსს არ შეურთდება”

31 მარტი, 2023 • 1425
“ვიმედოვნებთ, სომხეთი ჰააგის სასამართლოს რომის სტატუსს არ შეურთდება”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ სომხეთი არ შეურთდება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუსს.

“ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი. ვფიქრობთ, ეს საკითხი სამოკავშირეო და ურთიერთგაგების ჭრილში მოგვარდება”, – თქვა ზახაროვამ 30 მარტის ბრიფინგზე.

რამდენიმე დღის წინ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება/სტატუსი სომხეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია. მისი რატიფიცირების შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერევანში ჩასვლის შემთხვევაში, სომხეთში მას დააპატიმრებენ.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა. პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში, რაც ომის დანაშაულად მიიჩნევა.

სომხეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა პროექტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუსის რატიფიცირებისა და მისი იურისდიქციის რეტროაქტიულად აღიარების შესახებ.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება რომში 1998 წელს მიიღეს, ძალაში კი 2002 წელს შევიდა. სომხეთმა ქარტიას ხელი 1999 წელს მოაწერა, თუმცა ის დღემდე რატიფიცირებული არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი