ახალი ამბები

რაც ჩვენ ვიწვალეთ მისი არჩევისთვის, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციურია — მდინარაძე ზურაბიშვილზე

30 მარტი, 2023 • 1207
რაც ჩვენ ვიწვალეთ მისი არჩევისთვის, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციურია — მდინარაძე ზურაბიშვილზე

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ისეთი ძალისხმევა ჩადო სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომ მათზე ახია პრეზიდენტის „ტენდენციური“ დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხზე.

ხვალ, 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე უნდა წარდგეს. მდინარაძეს ჟურნალისტებმა დღეს შეახსენეს სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ამბობს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ პრეზიდენტი ამის შესახებ ხვალაც ისაუბრებს.

მდინარაძემ განაცხადა, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს იმაზე, თუ რის თქმას აპირებს ზურაბიშვილი და იქვე დასძინა:

„ხშირად არის არაობიექტური შეფასებები. ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა – რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის ჩვენს მოსახლეობას .. ათასი „მესიჯი“ მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ. ახია ჩვენზე, რომ იტყვიან, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ქალბატონო სალომე.“

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ სრული პარტიული რესურსი გამოიყენა ზურაბიშვილის მხარდასაჭერად. მეორე ტურში კი საარჩევნო ბანერებზე ზურაბიშვილის ნაცვლად „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოსახეს.

ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე 2018 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი