ახალი ამბები

„ქართველმა ხალხმა პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში გამოსვლით“ — ზურაბიშვილი

29 მარტი, 2023 • 814
„ქართველმა ხალხმა პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში გამოსვლით“ — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ „დემოკრატიის სამიტზე“.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში დემოკრატიის სამიტზე მიწვევისთვის. მან ისაუბრა დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რუსეთის ომზე უკრაინაში.

„არცერთ ჩვენგანს არ ესმოდა, რომ მსოფლიო დადგებოდა უფრო პირდაპირი, სასტიკი და ყოვლისმომცველი გამოწვევის წინაშე უკრაინაში რუსეთის სამხედროს შეჭრის სახით, რომელიც წარმოუდგენელ ნგრევას, ტანჯვას, ადამიანთა დანაკარგს და ადამიანის უფლებების ჩამორთმევას იწვევს. უკრაინის წინააღმდეგ ომი ნამდვილად არის ომი დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ.

ეს არის კიდევ ერთი შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ. შეხსენება იმისა, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერები, ანუ მხარდაჭერილნი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ და გაერთიანებულნი საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დასაცავად“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს შესახებ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რთული გეოპოლიტიკური გარემოს და შიდა დაძაბულობის მიუხედავად, ქვეყანამ მიაღწია წინსვლას ორ ძირითად პრიორიტეტთან დაკავშირებით:

  • დასრულდა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა.
  • მიღებულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნული სამოქალაქო გეგმა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ზომები.

მიუხედავად ამისა, ინკლუზიური პროცესით სასამართლო რეფორმის განხორციელება, ზურაბიშვილის თქმით, კვლავ სათანადო ძალისხმევას მოითხოვს.

„მაშინ, როცა ეს ცვლილებები საქართველოს დეკლარირებული ვალდებულებების ნაწილი იყო და ახალი კანონების ან სამოქმედო გეგმების მიღებით მოგვარდა, ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი კუთხით შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით, რაც შთააგონებდა და შთააგონებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.

ამ პროტესტმა წარმატებას მიაღწია როგორც ,,უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ გაუქმებაში, რაც დემოკრატიის გამარჯვება იყო, ასევე, პოლარიზაციის დაძლევის უნარის დემონსტრირებაში, როდესაც ის საერთო მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული. ამ თვალსაზრისით, დაიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი“, — თქვა მან.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩაწერილია კონსტიტუციაში, არის სტაბილურობის საფუძველი და მას ალტერნატივა არ აქვს.

„მინდა გავიმეორო საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის მტკიცე დაპირება და გამოვთქვა მზადყოფნა, ვითანამშრომლოთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან უფრო დემოკრატიული, მშვიდობიანი და მდგრადი მსოფლიოს მშენებლობაში, რომელშიც საქართველო მოიპოვებს ადგილს, როგორც სანდო პარტნიორი“, — დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი