ახალი ამბები

ნორვეგიის ელჩის დაბარება ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია – ხაბეიშვილი

28 მარტი, 2023 • 1418
ნორვეგიის ელჩის დაბარება ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის დაბარება ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ქვეყნის ინტერესების ღალატია.

„დღეს ვნახეთ ჩვენ არაადეკვატური დამოკიდებულება „რუსული ოცნების“, რომელმაც ნორვეგიის ელჩი დაიბარა, რომ ახსნა-განმარტება გაეკეთებინა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემისთვის და ეს ჯილდო არის დემოკრატიის განვითარებისთვის გადაცემული. ჩვენ ვნახეთ, რომ ანტონი, ბერას სათამაშო, ბავშვებს სკოლაში რომ უვარდებოდა და აშინებდა, მერე ამაზე საუბრობდა მისი ბატონის შვილთან, ბერასთან, ეს კაცი საუბრობს ადამიანის უფლებების დარღვევაზე. რაფალიანცის, მაჩალიკაშვილის, თათუხაშვილის, ბაჩალიაშვილის, კორტავას, ფარტენაძის მკვლელები საუბრობენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჯალათეა, რომელიც არღვევს გელათს, ჯვრის მონასტერი გაიმეტა დასანგრევად და ამასობაში „რუსულმა ოცნებამ“ ააფეთქა საყდრისი, რაჭის ტყე მისცეს რუს ოლიგარქს.

ეს ხალხი საუბრობს პრეზიდენტ სააკაშვილზე, ნაცვლად იმისა, რომ პირი გამოირეცხონ ხოლმე, როცა სააკაშვილს ახსენებენ. ეს ხალხი როცა აღარ იქნება ხელისუფლებაში, არათუ ნორვეგიელებს, არამედ არავის აღარ გაახსენდება. პრეზიდენტი სააკაშვილს, მანამ, სანამ პუტინის ტყვეობაშია, მხარს უჭერს პრეზიდენტი ზელენსკი, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, პოლონეთის სეიმი, ლიეტუვა, ესტონეთი, საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმაც გააკეთა განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და დაძაბონ გონება „რუსული ოცნების“ მხარდამჭერებმა, ჯერ კიდევ თუ დარჩა ამ პარტიას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდერსენი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ელჩთან შეხვედრა ეხებოდა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიული პრიზის გადაცემა ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და დაცინვაა.

კერძოდ, მიხეილ სააკაშვილს გადაეცა ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში.

რადგან სააკაშვილს ჯილდო ნორვეგიელებმა გადასცეს, ღარიბაშვილმა პარალელი გაავლო ნორვეგიელ ტერორისტ ანდრეს ბრეივიკთან და სააკაშვილი მას შეადარა.

საქართველოში ნორვეგიი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი გამოეხმაურა ღარიბაშვილის განცხადებას და განაცხადა, რომ „გაოგნებულია“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით.

„მე გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია“, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

აგრეთვე დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ პრიზი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო, ნორვეგიის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გაიცემა და არ გამოხატავს ნორვეგიის მთავრობის პოზიციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი