ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩი დაიბარეს

28 მარტი, 2023 • 1232
საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩი დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდერსენი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ელჩთან შეხვედრა ეხებოდა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს განემარტა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული ფაქტის გამო, რაც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალაუფლების გადამეტების ფაქტებთან, რომელზეც მიხელ სააკაშვილი და მისი მთავრობის არაერთი წარმომადგენელი მსჯავრდადებულია ან უკვე მოიხადეს სასჯელი“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

როგორც უწყებაში აღინიშნა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის აღნიშნული ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქართულ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას და შეურაცხმყოფელია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ნორვეგიის ელჩმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა არ წარმოადგენს ნორვეგიის მთავრობის პოზიციას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინიციატივაა.

„მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზაობა, მომავალში ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიული პრიზის გადაცემა ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და დაცინვაა.

კერძოდ, მიხეილ სააკაშვილს გადაეცა ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში.

რადგან სააკაშვილს ჯილდო ნორვეგიელებმა გადასცეს, ღარიბაშვილმა პარალელი გაავლო ნორვეგიელ ტერორისტ ანდრეს ბრეივიკთან და სააკაშვილი მას შეადარა.

საქართველოში ნორვეგიი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი გამოეხმაურა ღარიბაშვილის განცხადებას და განაცხადა, რომ „გაოგნებულია“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით.

„მე გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია“, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

აგრეთვე დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ პრიზი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო, ნორვეგიის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გაიცემა და არ გამოხატავს ნორვეგიის მთავრობის პოზიციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი