ახალი ამბები

2 აპრილს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება

28 მარტი, 2023 • 1350
2 აპრილს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება

2 აპრილს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება.

მსვლელობა 18:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ ( ყოფ. რკინიგზელთა კულტურის სახლი) დაიწყება.

„მმართველი პარტია და მათ მიერ კონტროლირებადი მედია უკვე ღიად და საჯაროდ არის ჩართული ქალთა დემორალიზების, დეჰუმანიზების, დამცირების და გაჩუმების ხელშეწყობაში. სექსუალური და ფსიქოლოგიური შევიწროების წინააღმდეგ ამხედრებულ ქალებს ღირსების შემლახავ პროპაგანდას უპირისპირებენ და ჰგონიათ, დაშინებით და ტერორით გატეხენ იმ ქალებს, ვინც ხმა აიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ. ქალებზე ხშირი ძალადობის შემთხვევების გამოძიების და პრევენციის ნაცვლად, უნდობლობას უცხადებენ ქალებს და მზად არიან, ყველაფრის ფასად დაიცვან ძალაუფლების მხარეს მყოფი მჩაგვრელები. ძალადობის მამხილებელ ქალთა მიმართ სისტემის ამგვარი პასუხი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ყველა სამართლიან წინააღმდეგობას მსგავსი პასუხი ელის.

მტრული და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნის მიუხედავად,
─ ჩვენ ვერ გაგვაჩუმებს მუქარა და სიძულვილი!
─ ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრას!
─ ჩვენ მარტო არ დავტოვებთ არცერთ ქალს ძალადობის და ტერორის წინაშე!
გენდერული თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფოს აღებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროინტეგრაციის 12- პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, თუმცა ქალთა მოძრაობების, საზოგადოების თავდაუზოგავი შრომის და არაერთი ბრძოლის მიუხედავად, ქალთა მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა არ წყდება.
2 აპრილს გავერთიანდეთ სიძულვილის წინააღმდეგ – უთანასწორობასთან ბრძოლაში ჩვენი ერთსულოვნება და სოლიდარობა გადამწყვეტია.

მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისაც სჯერა, რომ დემოკრატია არ არსებობს გენდერული თანასწორობის გარეშე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება – შემოგვიერთდით მასობრივ სოლიდარობის მსვლელობაში.
უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა ძალადობით მართული ძალაუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ქალს.
ქალების ბრძოლა გრძელდება!“ – წერია აქციის ორგანიზატორთა  განცხადებაში.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი