ახალი ამბები

პროტესტის ფონზე ნეთანიაჰუმ სასამართლო რეფორმის მიღება გადადო

28 მარტი, 2023 • 714
პროტესტის ფონზე ნეთანიაჰუმ სასამართლო რეფორმის მიღება გადადო

მასობრივი პროტესტისა და გაფიცვების ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დროებით გადადო სასამართლო რეფორმის დამტკიცება.

ნეთანიაჰუმ თქვა, რომ რეფორმების მეორე და მესამე მოსმენა დროებით გადაიდებოდა პასექის დღესასწაულის დღეებში, რომელიც 5-დან 13 აპრილამდე გრძელდება – „რათა რეალური დებატების ნამდვილი შანსი გაჩნდეს“. მისივე თქმით, განხილვების გადადების გადაწყვეტილება იმიტომაც მიიღეს, რომ ხალხს შორის დაპირისპირება არ გაღრმავებულიყო.

ამის მიუხედავად, უცნობია, გადადება გამოიწვევს რაიმე ცვლილებას თუ, როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ – უბრალოდ დროის გამოსყიდვის მექანიზმია.


უკვე რამდენიმე თვეა, რაც ისრაელში მმთავრობის მიერ ინიცირებულ რეფორმებს აპროტესტებენ. პროტესტის მთავარი მიზეზი სასამართლო რეფორმის პროექტია, რომელიც აფართოებს მთავრობისა და პარლამენტის კონტროლს სასამართლო სისტემაზე.

როგორც BBC წერს, რეფორმები მოიცავს გეგმებსაც, რომელთა მიხედვითაც მთავრობა გადამწყვეტი კონტროლით უნდა აღიჭურვოს მოსამართლეების დანიშვნაზე პასუხისმგებელი კომიტეტის მიმართ. ამასთან, ისრაელის პარლამენტს შეეძლება, უბრალო უმრავლესობით (61 ხმით 120-დან) უზენაესი სასამართლოს თითქმის ყველა გადაწყვეტილება გააუქმოს.

გარდა ამისა, რეფორმები გაართულებს სასამართლოების მიერ თანამდებობისთვის შეუფერებლად მიჩნეული ლიდერების გადაყენებას. აღნიშნულ გეგმას არაერთი აღიქვამს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ინტერესად, ვინაიდან მის წინააღმდეგ სასამართლო საქმის განხილვა მიმდინარეობს კორუფციის ბრალდებით.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი