ახალი ამბები

მასობრივი ანტისამთავრობო აქციები და “ისტორიული” გაფიცვა — რა ხდება ისრაელში

27 მარტი, 2023 • 992
მასობრივი ანტისამთავრობო აქციები და “ისტორიული” გაფიცვა — რა ხდება ისრაელში

ისრაელი მასობრივმა ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა მოიცვა. პროტესტის მთავარი მიზეზი სასამართლო რეფორმის პროექტია, რომელიც აფართოებს მთავრობისა და პარლამენტის კონტროლს სასამართლო სისტემაზე.

მასშტაბური აქციების პარალელურად ქვეყანაში გამოცხადდა გაფიცვაც, რომელსაც ისრაელის უმსხვილესმა პროფკავშირულმა ფედერაციამ “ისტორიული” უწოდა.

გაფიცვის გამო თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტიდან ფრენები რამდენიმე საათით იყო შეჩერებული. მუშაობის შეჩერების შესახებ ასევე განაცხადეს ისრაელის ორ უმსხვილეს პორტში, ისევე როგორც სავაჭრო მოლების მსხვილ ქსელსა და მაკდონალდსის ადგილობრივ ფილიალებში.

საერთაშორისო მედიის ცნობით, პროტესტმა ისრაელის საზოგადოების თითქმის ყველა სექტორი მოიცვა, მათ შორის, სამხედროები. ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ 20-ზე მეტმა მერმა ისრაელის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

მთავრობის მიერ ინიციირებულ საკამათო რეფორმებს გასულ თვეებში ასობით ათასი ადამიანი აპროტესტებდა. მრავალი მოქალაქე ცვლილებებს აფასებს საფრთხედ დემოკრატიისა და და სამართლოს დამოუკიდებლობისთვის.

ვითარება მეტად გამწვავდა 27 მარტს, როცა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თანამდებობიდან გაუშვა თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი. ეს უკანასკნელი რეფორმების პროექტის გადახედვას ითხოვდა.

გალანტის გათავისუფლების საპასუხოდ, კვირას, საღამოს საათებში, ისრაელის ქალაქების ქუჩებში ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა. იერუსალიმში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა იმ მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებიც ნეთანიაჰუს სახლთან იყვნენ შეკრებილნი.

ქუჩის პროტესტი ორშაბათსაც გრძელდება: თელ-ავივის მთავარი გზატკეცილი ჩაკეტილია, დემონსტრანტთა ჯგუფები კი კვლავ იკრიბებიან ისრაელის პარლამენტთან (ქნესეთი) და უზენაეს სასამართლოსთან. ორივე ინსტიტუცია იერუსალიმში მდებარეობს.

როგორც BBC წერს, რეფორმები მოიცავს გეგმებსაც, რომელთა მიხედვითაც მთავრობა გადამწყვეტი კონტროლით უნდა აღიჭურვოს მოსამართლეების დანიშვნაზე პასუხისმგებელი კომიტეტის მიმართ. ამასთან, ისრაელის პარლამენტს შეეძლება, უბრალო უმრავლესობით (61 ხმით 120-დან) უზენაესი სასამართლოს თითქმის ყველა გადაწყვეტილება გააუქმოს.

გარდა ამისა, რეფორმები გაართულებს სასამართლოების მიერ თანამდებობისთვის შეუფერებლად მიჩნეული ლიდერების გადაყენებას. აღნიშნულ გეგმას არაერთი აღიქვამს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ინტერესად, ვინაიდან მის წინააღმდეგ სასამართლო საქმის განხილვა მიმდინარეობს კორუფციის ბრალდებით.

ნეთანიაჰუ უარყოფს როგორც კორუფციას, ისე მართლმსაჯულებისგან თავის არიდების განზრახვას. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოს მიერ უფლებამოსილების გადამეტების თავიდან აცილებას ემსახურება.

მასშტაბურმა პროტესტმა, განსაკუთრებით კი უკანასკნელ საათებში განვითარებულმა მოვლენებმა, ისრაელის მთავრობა მეტად რთულ ვითარებაში ჩააყენა.

ორშაბათს ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმაც მოუწოდა მთავრობას, შეაჩეროს საკამათო რეფორმა, რომლის მიღებაც ამ უკანასკნელს მიმდინარე კვირის ბოლომდე სურს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ. ფოტო: EPA 

“ისრაელის ხალხის ერთიანობისთვის, პასუხისმგებლობისთვის, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი”, — დაწერა პრეზიდენტმა “ტვიტერზე”.

გასული წლის არჩევნების შემდეგ, ისრაელს თავის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე მთავრობა ჰყავს. მას აკომპლექტებენ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია “ლიკუდი”, ასევე, მისი მოკავშირე ულტრამემარჯვენე და ულტრაორთოდოქსული პარტიები.

“ლიკუდის” წევრია აწ უკვე დათხოვნილი, რეფორმების გადახედვის მომხრე თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ზოგიერთი თანაპარტიელიც მიემხრო, თუმცა ულტრამემარჯვენეები საპირისპირო კურსს ემხრობიან.

როგორც BBC წერს, ნეთანიაჰუს პარტიამ ადგილობრივ მედიას აცნობა, რომ პრემიერ-მინისტრი ხსენებული საკანონმდებლო პროცესის “რამდენიმე კვირით” გადაწევას გეგმავდა.

თუმცა განცხადება გადაიდო ცნობების ფონზე, რომელთა თანახმადაც ნეთანიაჰუს ახლო მოკავშირე და სასამართლო რეფორმის არქიტექტორი, იუსტიციის მინისტრი იარივ ლევინი, ისევე როგორც ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გრივი, გადადგომით დაიმუქრნენ.

ისრაელში მიმდინარე პროცესებზე შეშფოთება გამოხატეს აშშ-ის თეთრ სახლშიც, რომლის პრესსპიკერმაც თქვა, რომ “დემოკრატიული ღირებულებები ყოველთვის იყო და უნდა დარჩეს აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობის დამახასიათებელ ნიშნად”.

გარეკანის ფოტო: Haaretz/Itay Ron

მასალების გადაბეჭდვის წესი