ახალი ამბები

ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ისრაელის დელეგაციის ვიზიტს აუქმებს

25 მარტი, 2024 • 1427
ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ისრაელის დელეგაციის ვიზიტს აუქმებს

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო არ დაადო, ისრაელი ვაშინგტონში ვიზიტს აუქმებს.

რეზოლუციის ხელმომწერები ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და „ჰამასის“ მიერ მძევლების უპირობოდ გათავისუფლების მოითხოვენ. შეერთებულმა შტატებს ამჯერად არ გამოუყენებია ვეტოს უფლება და კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც საბჭოს 10-მა არჩეულმა წევრმა წარადგინა.

აშშ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრია, ამ დრომდე არ უჭერდა მხარს რეზოლუციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იყენებდა ვეტოს უფლებას მოკავშირე ისრაელის სასარგებლოდ.

აშშ-ის მიერ ვეტოს უფლების არგამოყენებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პოლიტიკიდან გადახვევას უწოდებს. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ აღნიშნული რეზოლუცია იმედს აძლევს „ჰამასს“  და საერთაშორისო ზეწოლა აიძულებს ისრაელს, ცეცხლი შეწყვიტოს მძევლების გათავისუფლების გარეშე:

„სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო არ დაადო რეზოლუციას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას ეხება  და არ არის თანხვედრაში მძევლების გათავისუფლებასთან. ეს არის ცხადი გადახვევა იმ კურსიდან, რომელიც აშშ-ს ჰქონდა უშიშროების საბჭოზე ომის დაწყების დღიდან“, — განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ისრაელის პრემიერმა თეთრ სახლში ისრაელის დელეგაციის ვიზიტი გააუქმა, თუმცა, როგორც BBC წერს, ვაშინგტონში შეხვედრებს გააგრძელებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი, რომელიც უკვე ვაშინგტონში იმყოფება.

ნეთანიაჰუს განცხადებას უპასუხეს თეთრ სახლშიც. თეთრი სახლის სპიკერის ჯონ კირბის თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავება აშშ-ის პოლიტიკიდან გადახვევა არ არის და ვიზიტის გაუქმების მიუხედავადაც ისრაელთან საუბარს გააგრძელებენ.

2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის განმავლობაში „ჰამასის“ რაზმები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ დაახლოებით 30 მიმართულებიდან, ხელში ჩაიგდეს 22 დასახლებული პუნქტი, დახოცეს 1400-მდე ისრაელელი. საპასუხოდ ისრაელმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ღაზაში, რომელსაც „ჰამასის“ ცნობით, 30 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი