ახალი ამბები

ჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას ასახავს

25 მარტი, 2023 • 6535
ჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას ასახავს

„შაბათის ფორმულა“ აქვეყნებს აუდიო ჩანაწერს, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, POSTV-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალურ შევიწროებას ასახავს.

ტელეკომპანიის ცნობით, აუდიო ჩანაწერი 2018 წლით თარიღდება და ის POSTV-ის ოფისში, რამიშვილის პირად კაბინეტში ჩაიწერა, სადაც ანანია გაჩეჩილაძე გადაცემის მოსამზადებლად დაიბარეს. ჩანაწერი 2 საათს გრძელდება, თუმცა იმის გამო, რომ მძიმედ მოსასმენ ეპიზოდებს შეიცავს, „ფორმულა“ აცხადებს, რომ სრულად არ ასაჯაროებს, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს, სამართალდამცავ უწყებებს გადასცეს.

„ფორმულას“ გავრცელებულ ჩანაწერში შემდეგი დიალოგი ისმის:

— ჯიუტობ, პატარა გოგო ხარ და ტვინს ტ*ნავ რა, იბრძვი, შენს გზას მიჰყავხარ, ამტკიცებ, რა ჩემს *ლედ გინდა, მისდიე შენს სხეულს.

— რატომ?

— დადექი რა*ამ და მოგ**ნავენ რა.

— ჰოდა, არ მევასება ეგ.

— რა არ გევასება, რა იცი, იქნებ კარგია, ვიღაცების ხელში სათამაშო იყო? ტ*ნაურის დროს რომ გცემენ, გევასება?

— არა, ეგეთი კაცები არ ჩითავენ.

— ჩითავენ, მე ვარ ეგეთი.

— ხო, მაგრამ თქვენთან არ მინდა სექსი.

– გასაგებია, რომ არ გინდა. ჯერ ეს ერთი, როგორ არ გინდა, გინდა, მაგრამ არ გინდა.

— არ მინდა, იმენა არ მინდა.

„ფორმულას“ ცნობით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უახლოვდება და შეხებას ცდილობს. ანანია გაჩეჩილაძე ამ საუბრის დროს 22 წლისაა, შალვა რამიშვილი კი — 47 წლის:

– არა, არ მიყვარს ეგეთი რაღაცები

— ნუ იქცევი იმასავით… არ გიყვარს, როცა მამაშვილურად გეფერებიან?

ჩანაწერში ასევე ისმის სავარაუდოდ შალვა რამიშვილის რეპლიკა, რომ ნებისმიერი პირველი ღიმილი სექსზე თანხმობას ნიშნავს.

ანანია გაჩეჩილაძემ „ფორმულას“ ჩანაწერის ავთენტურობა დაუდასტურა და უთხრა, რომ ჩანაწერი 5 წლის წინ თავად გააკეთა და იგი ფსიქოლოგიურ ძალადობას და სექსუალურ შევიწროებას შეიცავს.

შალვა რამიშვილი „ფორმულასთან“ საუბარში ანანია გაჩეჩილაძესთან ნაცნობობას უარყოფს, ხოლო ჟურნალისტის რეპლიკის შემდეგ რომ ფარული ჩანაწერი აქვს, ეუბნება, გამოაქვეყნოს.

„რაღაც ბუნდოვნად მახსოვს გოგონა, პრეზერვატივებზე რომ წმინდანებს ახატავს, ეგ გოგოა?“ — კითხულობს რამიშვილი.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოთხმა ქალმა საჯაროდ განაცხადა, რომ სხვადასხვა დროს პროსამთავრობო და „ხალხის ძალის“ მხარდამჭერი „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების სამიზნეები გახდნენ.

პირველი ისტორია ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ გაავრცელა ფეისბუკზე. მას შემდეგ, ასევე საჯარო განცხადებები გამოაქვეყნეს გვანცა ბუდაღაშვილმა და ანანო იაშვილმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შალვა რამიშვილს ედავებიან სექსუალურ შევიწროებას – 2018 წელს მას თათია სამხარაძის „სექსუალური შევიწროების ფაქტი“ დაუდასტურდა – თბილისის საქალაქო სასამართლომ კი რამიშვილს 2 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

განახლება: ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, მეორე დღეს, შალვა რამიშვილმა ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მიმართავს მათ, ვინც „ასეთი საუბრები გამოაქვეყნა“ და წერს, რომ „ჯინი ამოუშვეს ბოთლიდან“ და მათი „წარსულის კარადაც“ გაიხსნება:

„დიდ პრობლემას შეგიქმნით ასეთი საუბრების გამოქვეყნება თავად თქვენ, ფაშისტებო. დღეს ბრბოს წყურვილი დააკმაყოფილეთ, მაგრამ ვერც კი ხვდებით, რომ ჯინი ამოუშვით ბოთლიდან. თქვენ რა… მხოლოდ პეპლებზე და ყვავილებზე საუბრობთ არასაჯაროდ? რა თქმა უნდა — არა. ასეთ სიბინძურეს მიჩვეული ბრბო კიდევ მოგთხოვთ მსგავს სალაფავს. და გაიხსნება პანდორას ყუთივით თქვენი წარსულის კარადა. ამ კარადაში კი ძირითადად სულ თქვენი ჩონჩხები იმალება. აგერ სამხარაძეც ხო იქაა. მე ფეხებზე მკიდია თქვენი ეს კამპანია. ერთი კი ალალი ბოდიში მაქვს მოსახდელი ოჯახთან… თქვენს ჯოჯოხეთს კი დაველოდები „წმინდანებო”, ოღონდ მშვიდად… თან რომ საქმის კეთებას გავაგრძელებ ისე“, – წერს რამიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი