ახალი ამბები

ანალენა ბერბოკმა ოძისთან საოკუპაციო ხაზი მოინახულა

24 მარტი, 2023 • 1330
ანალენა ბერბოკმა ოძისთან საოკუპაციო ხაზი მოინახულა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ოძისთან საოკუპაციო ხაზი მოინახულა.

ოძისის რაიონში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტისას ბერბოკს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა უმასპინძლა.

გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ ჩანან. „ნეტგაზეთმა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, ახლდა თუ არა ანალენა ბერბოკს საოკუპაციო ხაზთან ქართული მხარე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში გადაგვამისამართა. მისიის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ ახლდნენ. გერმანიის საელჩოში ასევე აცხადებენ, რომ ანალენა ბერბოკი ოძისში EUMM-ის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

EUMM-ის ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მიაწოდა მინისტრს ინფორმაცია რაიონში უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს „ბორდერიზაციის“ მიმდინარე ქმედებები და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის ხანგრძლივი დაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე. კარაბალისმა განმარტა, რომ მისია მხარს უჭერს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების მოხსნას აღდგომის დამდეგ სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით და განაგრძობს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივად ფუნქციონირების აღდგენის მხარდაჭერას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის. გერმანიას ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს — 28 მოქალაქის სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი