ახალი ამბები

ქართველები სტატუსზე მეორე უარს ვერ გაიგებენ — ზურაბიშვილი ბერბოკს

24 მარტი, 2023 • 2014
ქართველები სტატუსზე მეორე უარს ვერ გაიგებენ — ზურაბიშვილი ბერბოკს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან განიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას.

„აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“, — მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ საქართველოში იმყოფება იმისთვის, რომ საქართველოსა და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს.

„ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორმების გაგრძელება იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, — დასძინა ბერბოკმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი