ახალი ამბები

ხუციშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ სებ-ის პრეზიდენტად განიხილავენ

23 მარტი, 2023 • 1026
ხუციშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ სებ-ის პრეზიდენტად განიხილავენ

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ მთავრობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად განიხილავს.

დღეს, 23 მარტს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას, ლაშა ხუციშვილს დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა.

„თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელმაც პარლამენტში კატაკლიზმები გამოიწვია, რომლის გამოც მოხდა ცვლილება ეროვნული ბანკის შესახებ კანონში, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რომლის შესახებაც სავალუტო ფონდმა თქვა, რომ წლების ნაშენებ სისტემას ანგრევთ.

ადასტურებთ თუ არა თქვენ იმ ფაქტს, რომ ეს ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც თქვენი კანდიდატურა პრემიერ- მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა და სალომე ზურაბიშვილმა თქვენს კანდიდატურაზე უარი თქვა.

ამ ამბებს კიდევ უფრო მეტი რამ მოჰყვა – სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით და გამოაცხადა კონკურსი ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის ასარჩევად. გავრცელდა ინფრომაცია, რომ თქვენ კვლავ შეიტანეთ განაცხადი ამ კონკურსში მონაწილეობის შესახებ. ადასტურებთ თუ არა ამ ფაქტს? ისევ ხდება თუ არა ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად თქვენი კანდიდატურის წარდგენის თაობაზე?“, – მიმართა ლაშა ხუციშვილს რომან გოცირიძემ.

ხუციშვილის თქმით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონი მას არ უკავშირდება.

„ეს არის კონკურსი, რომელსაც ატარებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ნებისმიერი ინფორმაციას, თუ ჩათვლიან, რომ ეს ინფორმაცია არის ღია, მოგაწვდიან და იხელმძღვანელებთ ამით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


კობა გვენეტაძეს 2 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შვიდწლიანი ვადა ამოეწურა.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება. კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გათავისუფლებულია თანამდებობიდან – ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებს 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი (ეს თანამდებობა წინა კანონში გათვალისწინებული არ ყოფილა), ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.

კანონის ამოქმედებიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (გარდა პირველი ვიცე-პრეზიდენტისა) უფლებამოსილების შეწყვეტამდე ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე – პრეზიდენტის და სხვა წევრები.

საქართველოს პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი