ახალი ამბები

პრეზიდენტი „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებს

23 თებერვალი, 2023 • 1291
პრეზიდენტი „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებს

საქართველოს პრეზიდენტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებს.

პრეზიდენტის განცხადებით, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესი და საქართველოს პრეზიდენტი მუშაობს პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები — ამატებს ერთ თანამდებობას პირველი ვიცე-პრეზიდენტის სახით, რომელიც გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მანამ, სანამ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს სების ახალ ხელმძღვანელს.

„რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა? მაშინ, როცა მოქმედი 3 ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს. მაშასადამე, ჩნდება კითხვა: ნუთუ ხელისუფლებას არცერთი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა არ აკმაყოფილებს და სჭირდება დამატებითი ადგილის შექმნა? ასევე, ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა.
ასეთი ეჭვი უთუოდ უნდა გაიფანტოს, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, — აცხადებს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ვეტო არ დაიძლევა და პარლამენტი მის მიერ შეთავაზებულ მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება. კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გათავისუფლებულია თანამდებობიდან – ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებს 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი (ეს თანამდებობა წინა კანონში გათვალისწინებული არ ყოფილა), ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.

კანონის ამოქმედებიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (გარდა პირველი ვიცე-პრეზიდენტისა) უფლებამოსილების შეწყვეტამდე ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე – პრეზიდენტის და სხვა წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი