ახალი ამბები

„საბაჟოდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 გადაწყვეტილებაა მიღებული“ — მინისტრი

23 მარტი, 2023 • 708
„საბაჟოდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 გადაწყვეტილებაა მიღებული“ — მინისტრი

დღეს, 23 მარტს, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საბაჟოდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 გადაწყვეტილებაა მიღებული.

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა რუსეთის ფედერაციისთვის საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციების დარღვევის არცერთი შემთხვევა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს საქართველოში.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.

„აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები“, — აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, სანქციების დაწესების პირველი დღეებიდანვე საქართველოს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმა DOLFIN-ზე დაშვება და ამჟამად საბაჟო დეპარტამენტის 2-მა თანამშრომელმა უკვე მოიპოვა სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი.

„ზემოაღნიშნული ძალისხმევის შედეგად, მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 საბაჟო გადაწყვეტილება გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული საქონელი ძირითადად წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის ესაჭიროება სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცემა თავდაცვის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ. მსგავსი ნებართვის გაცემა საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეჩერებულია და, შესაბამისად, არ გაცემულა არცერთი ნებართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი