ახალი ამბები

ვინც არ უნდა მეძახოს ფარისეველი, ტურაშვილისა და კეკელიძესადმი ჩემ დამოკიდებულებას ვერავინ შეცვლის — დუმბაძე

22 მარტი, 2023 • 13751
ვინც არ უნდა მეძახოს ფარისეველი, ტურაშვილისა და კეკელიძესადმი ჩემ დამოკიდებულებას ვერავინ შეცვლის — დუმბაძე

მმართველი გუნდის წევრი და პარლამენტის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, ქეთევან დუმბაძე, სოციალურ ქსელში დათო ტურაშვილისა და გიორგი კეკელიძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. ორივე მათგანმა მხარი დაუჭირა საქართველოში “რუსული კანონის” მიღების მცდელობისას აგორებულ საპროტესტო მოძრაობას.

“ვინც არ უნდა მლანძღოს და ფარისეველი მეძახოს, ტურიკასადმი და გიორგი კეკელიძესადმი ჩემ დამოკიდებულებას ვერავინ შეცვლის, ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა. რაც მთავარია, ეს ორივემ იცის და ეჭვიც არასდროს შეეპარებათ. ვისაც მათზე მეტი გაუკეთებია და მათზე მეტი სიყვარული გაუცია, იმათ ჩამქოლონ”, — წერს დუმბაძე, რომელსაც ხსენებული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას თავისი ხმა არ დაუფიქსირებია, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ რეალურად, დოკუმენტს მხარი დაუჭირა და ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი.

თავდაპირველად დეპუტატის პოსტი საჯარო იყო, თუმცა მოგვიანებით ქეთევან დუმბაძემ წვდომა შეზღუდა და ამჟამად ტექსტი მხოლოდ მისი ფეისბუკ-მეგობრებისთვის არის ხილული. 

მწერალი დათო ტურაშვილი და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე  შეუერთდნენ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონის მიღების მცდელობას მოჰყვა.

ტურაშვილი ხსენებული კრიტიკის გამო მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, ემოციური გამოსვლით გამოეხმაურა, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

7-8 მარტის პროტესტი თბილისში

„ქართული ოცნება“ საქართველოში „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის მიღებას გეგმავდა.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

აშშ და ევროკავშირი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავდა შანსს, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც მრავალათასიანი, მძლავრი პროტესტი მოჰყვა.

ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რასაც დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგობა სდევდა თან. ამ პერიოდში რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.

საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

თუმცა ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას, ასევე, ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას სხვადასხვა იარლიყის მიკვრით, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ „ნაცები“, „ეკლესიის მტრები“, „სატანისტები“ და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი